წერილის ორიგინალი გადაგზავნილია ლონდონში ექსპერტიზაზე, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მან მუქარის წერილი დღეს გამოკითხვაზე წარადგინა.
„როგორც მოგეხსენებათ, ვიყავი გამოკითხვაზე, ჩატარდა მოსამართლის თანდასწრებით. წერილის ასლი გადავეცი, ასევე გავაკეთე კომენტარები. წერილში რა წერია, ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რადგან კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი. წერილის ორიგინალი გადაგზავნილია ლონდონში ექსპერტიზაზე”, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.
ტყეშელაშვილს განცხადებით, "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებელს მამუკა ხაზარაძე სასამართლოში დაკითხვაზე არ დაუსახელებია შუამავალი, რომელმაც მისი თქმით, შს მინისტრ გიორგი გახარიას მუქარის წერილი მიუტანა.
“მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ ეს წერილი მას მიაწოდა შუამავალმა. მას გააჩნია ვალდებულება დაასახელოს შუამავლის ვინაობა. ჩვენთვის გაუგებარი მიზეზის გამო, ის არ ასახელებს შუამავალს.
შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპიუტერზე აკრეფილ ტექსტს მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ აქვს”, - აცხადებს არჩილ ტყეშელაშვილი.
მისივე ინფორმაციით, წერილის შინაარსი მათთვის უცნობია, რამდენადაც პროკურატურას ჯერ არ გადასცემია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მუქარის შემცვლი წერილი მისწერა. ხაზარაძემ დასძინა, რომ მან ამ წერილთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვისას ისაუბრა.
თავის მხრივ, აღნიშნულ თემაზე განმარტება პროკურატურამ გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ ხაზარაძემ საგამოძიებო უწყებაში მუქარის შემცველ წერილზე განაცხადა, თუმცა იქ გიორგი გახარიაზე არაფერი უთქვამს.

























