„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი, ამ ეტაპზე, დამოუკიდებელი არ არის.
ამის შესახებ ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მან კობა გვენეტაძესთან ერთ-ერთი შეხვედრა გაიხსენა, სადაც მან „პოლიტიკოსები“ ახსენა.
„მე პოლიტიკურ ბრძოლაში არ ვარ, რომ ვიღაცას რაღაცა მოვუგო. მე არც სიკეთეს ვივიწყებ და არც იმას, რასაც ისინი სჩადიან. მე არ მსმენია ეროვნული ბანკის და შსს მინისტრის ტანდემის შესახებ და ვერ ვიტყვი ვერაფერს. უბრალოდ, ჩემთან ერთ-ერთ საუბარში როცა 10 ათასი ლარით დაგვაჯარიმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, მე მივედი და კითხვა დავუსვი - „რა გინდათ? იქნებ პირდაპირ მითხრათ,“ იმიტომ, რომ მაშინ არ მეგონა, რომ ამდენი რაღაც ხდებოდა კულისებში. მაშინ ასე ხელები აწია და თქვა - „პოლიტიკოსები“ და მაშინ მივხვდი, რომ ის არ არის დამოუკიდებელი; ეს ორგანო არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და მითხრა, რომ იქნებ მიჩივლოო სასამართლოშიო და ვიფიქრე, კაცი ალბათ გამოუვალ მდგომარეობაშია და ჩვენ შევედით სასამართლოში; მერე ეტყობა ეს 10 ათასი ლარი არ მოეწონა ვიღაცას ან ვიღაცეებს და დაგვაჯარიმეს 1 მილიონით“, - განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ: TBC ბანკმა მარეგულირებლის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ მოგვიანებით, ბანკის გადაწყვეტილებითვე, ეროვნულ ბანკთან სასამართლო დავა შეწყდა.

























