მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მამუკა ხაზარაძე: კომენტარები, რომელიც ჩვენი ინვესტორებისგან მოდის, არის კატასტროფა

5c7d44b773407
თელარა გელანტია
04.03.19 19:49
903
„თიბისი ბანკის" და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ TBC ბანკიდან წასვლის მიზეზები განმარტა.

ამის შესახებ ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, სადაც დეპუტატების 2008 წლის ტრანზაქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც დავწერე თვითმფრინავში, კამბოჯაში მივემგზავრებოდი იაპონელებთან შეხვედრაზე, გადავდექი იმიტომ, რომ ბანკი მთლიანად არ ჩამოქცეულიყო. მე არ მინდა ის კომენტარები წაგიკითხოთ, რომელიც ჩვენი ინვესტორებისაგან მოდის - ეს არის კატასტროფა. ეს არის ძალიან დიდი სამწუხარო ამბავი, რომელსაც თქვენ წაიკითხავთ ყველაზე რეპუტაბელური ინვესტორებისგან იმიტომ, რომ ჩვენ ვმოგზაურობთ და პირისპირ ვხვდებით მათ, პირველი იწყება ამით და მერე აკეთებენ შეფასებას. აქ ლაპარაკია ფონდებზე, ბანკებზე და ა.შ. არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისაგან რომელშიც პირდაპირ მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენ რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს, მე ძალიან გამიკვირდა, რომ ეს დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევასრულეთ“, - განაცხადა ხაზარაძემ და დეპუტატების კითხვების პასუხად დააზუსტა, რომ მაღალჩინოსანი, რომლისგანაც წერილი მიიღო, შს მინისტრი გიორგი გახარია იყო.

თავის მხრივ, გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძის განცხადება ჭორაობად შეაფასა.

მინისტრი ხაზარაძისთვის მუქარის წერილის მიწერას უარყოფს და ამბობს, რომ ხაზარაძის განცხადება "იმუნიტეტის მოპოვების მცდელობაა".

"ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვებისა. მე წერილებს არ ვწერ. მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. შანტაჟის ენით საუბარი საერთოდ საჯარო პოლიტიკიდან უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟის ენით საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, ეს არის ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა. სხვა ყველაფერი არის ტყუილი.

მე ამ საქმესთან დაკავშირებით არავის არ ვეკონტაქტებოდი. ეს არის იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა. წერტილი.

რაც შეეხება პარლამენტში მისვლას, არაერთხელ მივსულვარ, ამ საქმესთან დაკავშირებით მივალ დიდი სიამოვნებით,"- განაცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები