მამუკა ხაზარაძის განცხადებით, TBC ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიზანი მისი დისკრედიტაციაა.
ამის შესახებ ხაზარაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს უმსხვილესი კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, მასთან ერთად საბჭოს დატოვებს მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ხაზარაძე და ჯაფარიძე შეინარჩუნებენ პოსტებს დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ “TBC ბანკის ჯგუფში”, რომელიც სააქციო საზოგადოება TBC ბანკის 100%-ის მფლობელია.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, TBC წყვეტს სამართლებრივ დავას ეროვნულ ბანკთან და მზადაა გადაიხადოს 1 მილიონი ლარი, რომლითაც დაჯარიმდა.
„მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად.
იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი.
იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა. სამშაბათს, როგორც დავპირდი პარლამენტს და საზოგადოებას, ვიქნები კომიტეტის მოსმენაზე, რათა მშვიდად განვიხილო და გავაცნო საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას. ამავე დროს დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში“, - წერს ხაზარაძე.

























