მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მამუკა ხაზარაძე: მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში, ვინმეს არ ეგონოს, რომ ყადაღის მეშინია

5d5ebbffc1070
დავით ჯალაღონია
22.08.19 19:58
1371
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის პროკურატურამ "თიბისის" საქმეზე ბრალი დააზუსტა, რაც მათი ადვოკატის ზვიად კორძაძის განმარტებით თავდაპირველად წარდგენილი ბრალის დადგენილებაში ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ჩამატებას გულისხმობდა.

პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.

"მთელი ჩემი და ბადრის ცხოვრების ბიზნეს მოღვაწეობის განმავლობაში არასდროს დაგვირღვევია კანონი, არ მოგვითხოვია ბიუჯეტი, არ მოგვიტყუებია ჩვენი პარტნიორები და შემიძლია ღმერთისა და ხალხის წინაშე გავნაცხადო, რომ ისევე როგორც ამ საქმეში, მთელი ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში ვართ პირნათელნი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში, ვინმეს არ ეგონოს, რომ ამის მეშინია, ან ვინმეს ეშინია – ან ყადაღის დადების, გუშინ რაც გააკეთეს სამარცხვინოდ, ან ნებისმიერი ქმედების.

მე მინდა მივმართო „ოცნების“ იმ ახალგაზრდა წევრების ნაწილს, რომელმაც განათლება უცხოეთში მიიღო, დახარჯა ოთხი წელი, შეიძლება მეტიც და ჰქონდათ სურვილი, რომ თავის ქვეყანაში დემოკრატიის, მართლმსაჯულების მსგავსი სიტუაცია შეექმნათ. ჩვენ ამ ხალხს მაშინ მხარი დავუჭირეთ, რადგან ჩვენ გვეგონა, რომ ეს ის ნაწილია ამ პარტიის, თუ მოძრაობის, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკენ წაიყვანდა. მე მინდა მათ ვკითხო – ეს არის ის განათლება, ეს სახელმწიფო ნახეთ იმ ქვეყნებში და ამ ცოდნით დაბრუნდით, გაჩუმებულები რომ ხართ, ასეთი მართლმსაჯულება მოგწონთ, რაც ახლა დღეს ხდება? – შერჩევითი სამართალი", – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს "თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ "TV პირველის" დამფუძნებლის მამას, კომპანიების "სამგორი თრეიდისა" და "სამგორი M"-ის მეწილე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურა წერეთელს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.

მართალია, ავთანდილ წერეთელი პროკურატურაში დღეს დაიბარეს, მაგრამ იგი ქვეყანაში არ იმყოფება, ამიტომ ბრალის შესახებ დადგენილება მისმა ადვოკატმა კახა წერეთელმა ჩაიბარა. თავად ბიზნესმენი კი საგამოძიებო უწყებაში ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, 29 აგვისტოს გამოცხადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები