მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: როგორც იქნა, მეც გავერკვიე, რაში გვდებენ ბრალს

5dc5370b37ba4
დავით ჯალაღონია
08.11.19 13:35
1901
თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

სხდომის დაწყებამდე მხარეებმა მედიასთან განცხადებები გააკეთეს.

„როგორც იქნა, მეც გავერკვიე, რაში გვდებენ ბრალს. ეს არის ძალიან საინტერესო რამ. თურმე, იურიდიული პირიდან სესხის აღება 17%–იანი სარგებლით, ოფიციალურად, საბანკო არხით, მისი კონვერტირება და შემდგომ გადარიცხვა არის ფულის გათეთრება – საბოლოო ჯამში, ასე ჩამოყალიბდა ჩვენს წინააღმდეგ ბრალდება. ეს ნიშნავს, რომ ყველა, ვისაც აუღია სესხი მაღალ პროცენტიანი, თუ დაბალპროცენტიანი, დაუკონვერტირებია სხვა ვალუტაში, რადგან შიდა გადარიცხვები, მოგეხსენებათ არის ლარის ანგარიშებზე და უცხოეთში გადარიცხვა – იმ ვალუტაში, რომელშიც ის არის გადასარიცხი, შესაბამისად ყველა ადამიანი საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს კანონმდებლობით დარეგულირებულია, უნდა იყოს ჩვენთან ერთად. ასეთ აბსურდამდე მივიდა ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა.

მეორე არის პოლიტიკური საკითხი და ეს ეხება პირადად ბიძინა ივანიშვილს და „ოცნებას“, რომელსაც ძალიან ეშინია – ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, ეშინიათ ჩვენი, იმ ადამიანების და ამომრჩევლის, რომელთაც ამოუვიდათ კისერში ის მდგომარეობა, რომელიც საქართველოშია შექმნილი, ის ყველანაირი მეთოდით ცდილობს, რომ შეგვაჩეროს, ან დაგვაშინოს, ან რაიმე ზომები მიიღოს. მე მინდა მას პირდაპირ ვუთხრა, რომ ვერც შეგვაშინებ, ვერაფრით გაგვაჩერებ, ვერ გააჩერებ იმ ნებას, რომელიც საქართველოს უკეთესობისკენ შეცვლის. ეს ქვეყანა თქვენი და თქვენნაირი მმართველობის ღირსი არ არის. ამ რეალობას უკეთესობისკენ შევცვლით, გაგიშვებთ პოლიტკურ, გრძელვადიან შვებულებაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თავის მხრივ, ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმის პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდების მხარე თანმიმდევრულად გამოიკვლევს ყველა მნიშვნელოვან მტკიცებულებას.

„კერძოდ, ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ გამოვიკვლევთ დოკუმენტურ მტკიცებულებებს, ასევე რევიზიის არხებს, მათ შორის ეროვნული ბანკის დასკვნას და მოწმეთა ჩვენებებს“, – განაცხადა პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას სასამართლოს სხდომაზე შესვლამდე.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად 2019 წლის ივლისში წაუყენეს. საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად 16.7 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

მიმდინარე წლის აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები