„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პროკურატურას მოუწოდებს, საჯაროდ განმარტოს, იმ საქმეში, რაზეც ახლა გამოძიება მიმდინარეობს, რას ნიშნავს ფულის გათეთრება.
ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მე ვამბობ სიმართლეს ხმამაღლა და არ ვეუბნები მხოლოდ გუნდის წევრებს და არ ვლაპარაკობ კულისებში. არ მაინტერესებს როგორც ბიზნესმენს ან მოგება ან ნოლები ანგარიშებზე, თუ არ იქნება თავისუფლება. თუ იქნება შეზღუდვა, აქ არაფერი გამოვა. უნდა არსებობდეს კანონი და ეს არ უნდა იყოს ისე, რომ პროკურატურა გვაშანტაჟებდეს პრესკონფერენციებით.
მე მოვუწოდებ, სასწრაფოდ გამოვიდნენ პარლამენტის ან, არ ვიცი, პრესის წინაშე და თქვან, რას ნიშნავს ფულის გათეთრება. ამოიღონ კანონმდებლობა და ზუსტად თქვან. თუ ეს თაროზე შემოიდება, პირობას გაძლევთ, არ დავთმობთ ერთი წამით და ერთი ნაბიჯით არ წავალთ უკან, რადგან ეს პრაქტიკა, საბჭოთა კაკებეშნიკური პრაქტიკა, რომ ვიღაცას ლაფს დაასხამ და მერე მიდის გამოძიება და იდება თაროზე და მერე ადამიანებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ ელემენტარულად პასუხი გასცენ, ან ფინანსური, ან მორალური, ან ამბობენ, რომ სახელმწიფოს ვერ მოერევი, რადგან ადამიანი ყოველთვის პატარაა, უნდა შეწყდეს. მე პირობას გაძლევთ, ან ბრალი დააყენონ, ვინ არის დამნაშავე ამ სიტუაციაში, ან საკითხი შეწყვიტონ სასწრაფოდ. თაროზე არ შემოვადებინებთ ამ საკითხს, რადგან ეს არის პირდაპირი დარტყმა გაცილებით მეტზე, რასაც საქართველო და ჩვენი პერსპექტივა ჰქვია“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

























