საქართველოს უმსხვილესი ბანკის - თიბისის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მათი კუთვნილი აქციების დაგირავების პროცესი დაიწყეს. როგორც ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის ჯგუფის განცხადებაში არის ნათქვამი, დამფუძნებელი პარტნიორები ბანკის აქციათა 8%-ს დააგირავებენ, რისი ღირებულებაც დღეს დაახლოებით $90 მილიონია.
დღესვე ბანკმა ლონდონის ბირჟაზე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც აქციათა პირველი - 1.81%-იანი ნაწილი უკვე დაგირავდა. გირაოს სანაცვლოდ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ $10 მილიონის სესხი მიიღეს. კონტრაქტის პირობების მიხედვით, ხაზარაძე და ჯაფარიძე აქციებს ორი წლის შემდეგ, 2021 წლის 28 ივნისს გამოისყიდიან.
ბანკის ქართული ოფისის განცხადებით, მოზიდული თანხა ანაკლიის პორტის დაფინანსებას მოხმარდება.
"Renaissance Capital-ი არის თიბისი ბანკის ერთ-ერთი პარტნიორი საბროკერო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. Renaissance Capital-ი, საინვესტიციო ბანკებთან ერთად JP Morgan და UBS, ასევე, ჩართული იყო, თიბისი ბანკის ევრობონდების და კაპიტალის ობლიგაციების წარმატებულად განხორციელებაში.
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ Renaissance Capital-ის მეშვეობით მოახდინეს 10 მილიონი დოლარის მობილიზება საკუთარი აქციების დაგირავებით. ლონდონის საფონდო ბირჟის წესების მიხედვით მოხდა ამ ოპერაციის გამჟღავნებ თიბისი ბანკის ინვესტორებისათვის.
ამასთან, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ადასტურებენ, რომ არ განუხილავთ და არც აპირებენ თიბისი ბანკის აქციების გასხვისებას. აღნიშნული ოპერაციები შესაძლებელია მომავალშიც გაგრძელდეს, რაც მათ დამატებითი სახსრების მობილიზების საშუალებას მისცემთ საკუთარი პროექტების განსახორციელებლად. ამ შემთხვევაში ეს სახსრები მიმართული იქნება ანაკლიის პროექტში,"- ნათქვამია თიბისის განმარტებაში.
აქციათა დროებითი დათმობის შედეგად, მამუკა ხაზარაძის სააქციო წილი - 11.89%-მდე, ბადრი ჯაფარიძის წილი კი, 6.37%-მდე შემცირდა.
ლონდონის საფონდო ბირჟის მონაცემებით, 1 ივლისისთვის თიბისის საბაზრო კაპიტალიზაცია (ყველა აქციის ჯამური ღირებულება) £871 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

























