დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა "თიბისი ბანკის" ჯგუფის განცხადება, რომლის მიხედვითაც, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის აქციების დაგირავება დაიწყეს.
გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ მათ საკუთრებაში არსებული 993,050 აქცია ანუ აქციათა 1.81% დროებით გაასხვისეს კვიპროსში რეგისტრირებულ კომპანია Renaissance Securities-ზე.
კონტრაქტის პირობების მიხედვით, ხაზარაძე და ჯაფარიძე აქციებს ორი წლის შემდეგ, 2021 წლის 28 ივნისს გამოისყიდიან.
განხორციელებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა თიბისი ბანკმა, რომელიც აღნიშნავს, რომ ბანკის დამფუძნებლებმა სესხი ანაკლიის პროექტის დასაფინანსებლად აიღეს.
"Renaissance Capital-ი არის თიბისი ბანკის ერთ-ერთი პარტნიორი საბროკერო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. Renaissance Capital-ი, საინვესტიციო ბანკებთან ერთად JP Morgan და UBS, ასევე, ჩართული იყო, თიბისი ბანკის ევრობონდების და კაპიტალის ობლიგაციების წარმატებულად განხორციელებაში.
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ Renaissance Capital-ის მეშვეობით მოახდინეს 10 მილიონი დოლარის მობილიზება საკუთარი აქციების დაგირავებით. ლონდონის საფონდო ბირჟის წესების მიხედვით მოხდა ამ ოპერაციის გამჟღავნებ თიბისი ბანკის ინვესტორებისათვის.
ამასთან, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ადასტურებენ, რომ არ განუხილავთ და არც აპირებენ თიბისი ბანკის აქციების გასხვისებას. აღნიშნული ოპერაციები შესაძლებელია მომავალშიც გაგრძელდეს, რაც მათ დამატებითი სახსრების მობილიზების საშუალებას მისცემთ საკუთარი პროექტების განსახორციელებლად. ამ შემთხვევაში ეს სახსრები მიმართული იქნება ანაკლიის პროექტში,"- ნათქვამია თიბისის განმარტებაში.
აქციათა დროებითი დათმობის შედეგად, მამუკა ხაზარაძის სააქციო წილი - 11.89%-მდე, ბადრი ჯაფარიძის წილი კი, 6.37%-მდე შემცირდა.
აქციათა დაგირავების გადაწყვეტილების შესახებ "თიბისიმ" 28 ივნისს განაცხადა. ხაზარაძე და ჯაფარიძე მთლიანობაში აქციათა 8%-ის დაგირავებას გეგმავენ, რის შედეგადაც
£70.4 მილიონი გირვანქა სტერლინგს ანუ $89.5 მილიონი დოლარის სესხს მიიღებენ.

























