მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მათ 700,000 ლარის გირაოს გადახდა დაეკისრათ. პროცესიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საქართველო დღეს ღრმა ჭაობში იმყოფება და რომ ქვეყნის გადარჩენისთვის ამ ჭაობიდან გამოსვლა არის აუცილებელი. ხაზარაძე ამბობს, რომ მის მიერ დაანონსებული ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარების გამოსწორებისა და ინსტიტუტების პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლებისთვის იბრძოლებს.
მამუკა ხაზარაძის სიტყვით გამოსვლა სასამართლო პროცესის შემდეგ:
"კარგად დავინახე, თუ რა ჭაობშია ქვეყანა, ამას ვლაპარაკობ მთელი პასუხისმგებლობით და ამას აღარ ვსაუბრობ, როგორც თიბისი ბანკის თავმჯდომარე, ან ანაკლიის თავმჯდომარე, რადგანაც მე შეკავებული ვიყავი შეფასებებში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს უკან 10,000 თანამშრომელი, გუნდის წევრი, დიდი სტრუქტურა, დეპოზიტარები, ბანკები, პარტნიორები და ასე შემდეგ. ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი, რომ არ გადამელახა ის, რაც გულში მქონდა, რის თქმასაც ვაპირებდი, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ შენი პოზიციის გამო, ვიღაცის ინტერესი არ დააზიანო.
დღეს დავინახე სრული ჭაობი, უცოდინარობის პიკი პროკურატურის მხრიდან, მე ეს ადამიანები გულწრფელად მეცოდებიან. ერთ-ერთ გოგონას, პროკურორს, რომელსაც შეუძლია 5-წუთიანი ბრიფინგი ცელი გამოუსვას საქართველოს ეკონომიკას და მას მილიარდი ლარის ზარალი მიაყენოს და ამაზე არანაირი სირცხვილის გრძნობა ან პასუხის მოთხოვნა არ ხდება. ეს არის კატასტროფა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანა არ გვაქვს. ჩვენ სტრუქტურები არ გვაქვს, ჩვენ ინსტიტუციები მოშლილი გვაქვს.
აქედან გამომდინარე, მე მინდა გითხრათ, რომ ეს ინსტიტუციები არის აბსოლუტურად თავიდან ასაშენებელი. ძალიან მიხარია, რომ ერთი კვირის წინ გამოვაცხადე გადაწყვეტილება, რომ დაფუძნდეს აქტიური საზოგადოებრივი მოძრაობა.
ეს იქნება ახალი ფართომასშტაბიანი მოძრაობა, აქ იქნება ახალი თაობა და ახალი პროფესიონალები და ახალი ძალა, ვისაც უყვარს საქართველო, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, ვისაც არ უნდა რუსული ორიენტაცია, ვინც ებრძვის ოკუპაციას და ვისაც უნდა, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ შედგეს წარმატებულ ქვეყნად.
საქართველო უნდა გახდეს ქვეყანა, სადაც ნეპოტიზმსა და კლანურ, ერთპიროვნულ მმართველობას არ ჰქონდეს ადგილი.
დღეს ჩვენ პრაქტიკულად ვართ სიტუაციაში, სადაც ერთი პირი მართავს ქვეყანას ინსტიტუციების გარეშე. ეს ერთი პირი თქვენ იცით, ვინც არის, ეს არის დირიჟორი ამ ქვეყნის, რომელსაც ჰყავს ძალიან ცუდი შემსრულებლები, უცოდინარი შემსრულებლები. მე გპირდებით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, მე პიროვნულად კი არ მაქვს ბოღმა ჩადებული გულში, მე ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს, ეს ჭაობი შეიცვალოს, ახალგაზრდა ხალხს, ნიჭიერ ხალხს მიეცეს თავისუფალი მოქმედების საშუალება, თავისუფალი გადაწყვეტილების საშუალება, მოსამართლეები იყვნენ თავისუფლები, პროკურორები იყვნენ კანონმორჩილები და ასე შემდეგ.
დღეს არსებული სისტემა, მე გარანტიას გაძლევთ, რომ დაინგრევა ძალიან მალე, ესენი სახლში წავლენ და ყველა გონს მოეგოს. ამას არ ვლაპარაკობ იმიტომ რომ გირაო დამადეს. თურმე $650,000,000 უნდა შემოვიტანოთ ქვეყანაში და 700,000 ლარი დამადეს, რომ ქვეყნიდან არ წავიდე. ეს არის სირცხვილი, მეგობრებო, ეს არის სირცხვილი და მე ყველას გპირდებით, რომ ეს დამთავრდება ამ ქვეყანაში. ის მოტყუებული ხალხი, რომლებმაც ვიფიქრეთ, რომ 2012 წელს რაღაც შეიცვალა, მივიღეთ აბსოლუტურად მეორე უკიდურესობა. ჩვენ ორი უკიდურესობის მსხვერპლი აღმოვჩნდით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს დამთავრდება."

























