მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაიკლ კერიკი გაათავისუფლა

კერიკი და პოჩეტინო

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაიკლ კერიკი გაათავისუფლა. გუნდი პრემიერ ლიგის გასავარდნ ზონაში იმყოფება, მის შემცვლელად კი კლუბი მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნას გეგმავს.

პოჩეტინოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან დაკავშირებით პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია. კლუბს ბოლო 11 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული. აშშ-ის ნაკრების ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, რომელსაც პრემიერ ლიგაში „საუთჰემპტონში“, „ტოტენჰემსა“ და „ჩელსიში“ უმუშავია, კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი აქვს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 10 მილიონი დოლარია. „მანჩესტერ იუნაიტედს“ პოჩეტინოს სამწვრთნელო შტაბის გადაბირებისთვის დამატებითი თანხის გადახდაც მოუწევს.

კერიკის გათავისუფლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგაში ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე აღმოჩნდა. გუნდს მე-17 პოზიციაზე მყოფ „კოვენტრისთან“ ერთი ქულა აშორებს. ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში კი მანჩესტერელები მე-17 ადგილს იკავებენ.

კერიკის წასვლას წინ უძღოდა კლუბის საფეხბურთო დირექტორის, ჯეისონ უილკოქსის ხელმძღვანელობით ჩატარებული შეფასება, რის შემდეგაც მან სერ ჯიმ რეტკლიფს, რომელიც კლუბის სპორტულ პოლიტიკას აკონტროლებს, მთავარი მწვრთნელის შეცვლის რეკომენდაცია მისცა. უილკოქსი და „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღმასრულებელი დირექტორი ომარ ბერადა მონაკოში გაემგზავრნენ, სადაც რეტკლიფს შეხვდნენ.

კერიკის გათავისუფლების გადაწყვეტილება მოგვიანებით დირექტორთა საბჭოს სხდომაზე დაამტკიცეს, რომელშიც გლეიზერების ოჯახიც მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ კერიკი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა და კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. მანამდე მას გუნდში დროებითი მწვრთნელის რანგში წარმატებული პერიოდი ჰქონდა, რომლის დროსაც „იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. გასულ სეზონში კერიკის ხელმძღვანელობით გუნდმა 17 მატჩი ჩაატარა, 12 მოიგო და სამი ფრედ დაასრულა. თუმცა ახალ სეზონში მან ამ შედეგის გამეორება ვერ შეძლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები