PMCG კვლევამ საქართველოში მანდარინის წარმოების პოტენციალი შეისწავლა:
აგრო-სასურსათო პროდუქციის წარმოებას (როგორც პირველადი სახით, ასევე გადამუშავებული) მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ეკონომიკაში (მშპ-ს დაახლოებით 14-16%). სოფლის მეურნეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარებისათვის, სადაც ითვლება რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული და ბევრი ოჯახისათვის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საექსპორტო პროდუქციაში, აგრო-სასურსათო პროდუქციას საკმაოდ მაღალი წილი უჭირავს (დაახლოებით 30%), და სწორედ ის წარმოადგენს ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტის დიდ ნაწილს. მართალია აჭარისათვის სოფლის მეურნეობა არ წარმოადგენს ეკონომიკის ძირითად მამოძრავებელ ძალას, თუმცა იგი მაინც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, განსაკუთრებით ციტრუსოვანი კულტურების წარმოების კუთხით, რადგან აჭარა არის წამყვანი რეგიონი ამ კუთხით, რომელიც ამარაგებს შიდა ბაზარს და მეტიც, აქ წარმოებული ციტრუსის უმეტესი ნაწილი გადის ექსპორტზე. ამ კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა აჭარის რეგიონში მანდარინის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი. აღსანიშნავია, რომ ციტრუსოვანი კულტურებიდან მანდარინზე მოდის აჭარის (ისევე როგორც მთლიანი საქართველოს) ციტრუსოვანი კულტურების 90%-ზე მეტი. დღეს აჭარაში მდებარე მეურნეობების ნახევარზე მეტი (54%, ჯამში 24 ათასი მეურნეობა) ფლობს მანდარინის მცირე პლანტაციას, საშუალოდ 0.2 ჰექტარ მიწაზე, რომელზეც 2 ტონამდე მანდარინის მოსავალს იღებენ ყოველწლიურად. ასეთი ოჯახებისათვის მართალია მანდარინის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არ წარმოადგენს შემოსავლის მთავარ წყაროს, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი წილი უჭირავს შემოსავლების გენერირებაში, განსაკუთრებით კი წინასაახალწლო პერიოდში.
გასულ წელს მხოლოდ სატესტო რაოდენობის მანდარინი გავიდა ევროკავშირის ორ ქვეყანაში, 20 ტონა პოლონეთში და 3 ტონა ლიტვაში. აღსანიშნავია ის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოხმარებული მანდარინის ჯიში (კლემენტინი) განსხვავდება იმ ჯიშისგან რაც გავრცელებულია საქართველოში (საცუმა), კერძოდ კი ევროპელი მომხმარებელი მიჩვეულია შედარებით უფრო ტკბილი გემოს მქონე მანდარინს, მაშინ როცა ქართული მანდარინს შედარებით უფრო მომჟავო გემო დაკრავს. მეორეს მხრივ, ქართულ მანდარინში ნაკლები შაქრის შემცველობა, შესაძლოა უფრო მიმზიდველი გახდეს ევროპელი მომხმარებლისათვის, თუმცა ამას მთელირიგი ღონისძიებების გატარება დაჭირდება, სანამ მოხდება ევროპელი მომხარებლის დარწმუნება და გემოვნების ცვლილება.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 2016 წლის მონაცემებით მსოფლიოში მანდარინს1 აწარმოებდა 70-ზე მეტი ქვეყანა. 2016 წელს 2.6 მილიონი ჰექტარი მანდარინის პლანტაციიდან მსოფლიოში დაახლოებით 32.8 მილიონი ტონა მანდარინი იქნა წარმოებული, რომელიც კონტინენტების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: აზია 22.2 მილიონი ტონა, ევროპა 3.9 მილიონი ტონა, ამერიკა 3.9 მილიონი ტონა, აფრიკა 2.7 მილიონი ტონა, ხოლო მცირე ნაწილი დაახლოებით 0.1 მილიონი ტონა ავსტრალიასა და ოკეანეთში იწარმოა.
FAOSTAT-ის 2016 წლის მონაცემებით საქართველო მსოფლიოს მანდარინის მწარმოებელ 73 ქვეყანას შორის წარმოების მოცულობის მიხედვით 30-ე ადგილზეა. საქართველოში მანდარინი მე-19 საუკუნის ბოლოს ჯერ იტალიიდან და შემდგომ უკვე იაპონიიდან შემოუტანიათ , რაც მალე გავრცელებულა დასავლეთ საქართველოში. მანდარინის მწარმოებელ ქვეყნებს შორის, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე. დღეს საქართველოში მანდარინის წარმოება საკმაოდ ცვალებადია, რაც ძირითადად კლიმატურ პირობებთან ერთად მეწლეურობაზეც არის დამოკიდებული (გრაფიკი 5). აღსანიშნავია, რომ თითქმის ყოველ მეორე წელს კარგი/ცუდი მოსავალია. 2016 წლის მონაცემებით საქართველოში 60 ათასი ტონა მანდარინი იწარმოა, ხოლო ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელი 2005 წელს დაფიქსირდა, როცა 113.4 ათას ტონა მანდარინის წარმოება მოხდა ქვეყანაში.
2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, ქვეყანაში 37 400 მეურნეობას აქვს ციტრუსის პლანტაცია. აქედან უმეტესობა ფლობს 1 ჰექტრამდე ციტრუსის ბაღს, ხოლო 3 ჰექტარზე მეტი პლანტაცია მხოლოდ 16 მეურნეობას გააჩნია. ყველაზე გავრცელებული ფართობი სადაც ციტრუსია გაშენებული არის 0.10-დან 0.49-მდე ჰექტარი, რომელიც ციტრუსის პლანტაციის მფლობელი მეურნეობების 74%-ს გააჩნია.