მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Mango-ს დამფუძნებლის, მილიარდერი ისაკ ანდიკის მკვლელობის ბრალდებით მისი შვილი დააკავეს

მანგო

გლობალურად ცნობილი ესპანური მოდის ჯგუფის, Mango-ს დამფუძნებლის შვილი მამის, ბიზნესმენ ისაკ ანდიკის გარდაცვალების გამო ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს.

ისაკ ანდიკი 2024 წლის 14 დეკემბერს ბარსელონიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 40 კილომეტრში, მონსერატის მთებში ოჯახური გასეირნების დროს გადმოვარდა და დაიღუპა. ის მაშინ 71 წლის იყო.

მისი ვაჟი, ჯონათან ანდიკი სამშაბათს, 19 მაისს ბარსელონაში დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო მაუწყებელი და სხვა მედიასაშუალებები გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან. დაკავების ფაქტი პოლიციის სპიკერმაც დაადასტურა.

თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ Mango-ს დამფუძნებლის სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო. თუმცა, გამოძიების მსვლელობისას ეჭვები გაჩნდა და გამოძიების მთავარი მოქმედი პირი საბოლოოდ გარდაცვლილის ვაჟი გახდა.

კატალონიის პოლიციის ამჟამინდელი მონაცემებით, ჯონათან ანდიკი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც Mango-ს დამფუძნებელს ახლდა იმ მომენტში, როდესაც ის 150 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და სასიკვდილო ტრავმები მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მის ჩვენებებში წინააღმდეგობები აღმოაჩინა. ისაკ ანდიკის პარტნიორმა, პროფესიონალმა გოლფის მოთამაშემ, ესტეფანია კნუტმა განაცხადა, რომ მამა-შვილს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ.

როგორც RTVE იუწყება, 44 წლის ჯონათან ანდიკს ბრალად გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ედება. ეჭვმიტანილი ბარსელონას გამომძიებელი მოსამართლის წინაშე სამშაბათს წარდგა.

მოსმენის შემდეგ მოსამართლემ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რაც შესაძლოა 1 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ შეჩერდეს.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ეჭვმიტანილი გირაოს გადახდას. გათავისუფლების შემთხვევაში, მას პასპორტის ჩაბარება, ესპანეთში დარჩენა და კვირაში ერთხელ სასამართლოში გამოცხადება მოუწევს.

ოჯახის წარმომადგენლებმა საინფორმაციო სააგენტო Europa Press-ს განუცხადეს, რომ ჯონათან ანდიკმა პირველადი ჩვენება სამშაბათს დილით მისცა. მათ დასძინეს, რომ პროცესის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებენ, თუმცა აღნიშნეს, რომ ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.

2024 წელს, მისი გარდაცვალების მომენტისთვის, ანდიკის და მისი ოჯახის ქონება 4 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, ჯონათანი კი ისაკის ქონების სავარაუდო მემკვიდრედ მიიჩნეოდა. ჯონათანი, თავის ორ დასთან ერთად, კვლავ რჩება იმ ჰოლდინგური კომპანიის თანამფლობელად, რომელიც Mango-ს საკონტროლო პაკეტს ფლობს.

El Pais-ის რეპორტაჟის თანახმად, ჯონათანი Mango-ს მხოლოდ მცირე ხნით, დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში მართავდა (2014-დან 2018 წლამდე). მამამისმა ის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორით, ტონი რუიზით ჩაანაცვლა. დამფუძნებლის გარდაცვალების შემდეგ, რუიზმა ისაკი Mango-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზეც შეცვალა. ანონიმურმა წყაროებმა ესპანურ გაზეთს განუცხადეს, რომ ამ ჩანაცვლებამ შესაძლოა მამა-შვილს შორის განხეთქილება გამოიწვია. კომპანიის ვებსაიტის მიხედვით, ჯონათანი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის (ვიცე-თავმჯდომარის) პოსტს კვლავ იკავებს.

ანდიკების ოჯახში მიმდინარე დაძაბულობის მიუხედავად, Mango-მ 2025 წელს რეკორდული ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა: წინა წელთან შედარებით 13%-იანი ზრდა აჩვენა და მისმა შემოსავალმა დაახლოებით 3.8 მილიარდ ევროს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები