მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაქვს მოლოდინი, რომ ტრენდი უფრო ლარის გაუფასურებისკენ იქნება - აკაკი ცომაია

ვალუტის კურსი

ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, ლარის გაუფასურების მიზეზი გაუარესებული მოლოდინების ფონზე, ლარის დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში გადატანაა.

როგორც ეკონომისტმა BMG-სთან ეროვნული ვალუტის კურსის ტენდენციებზე საუბრისას აღნიშნა, ეს ერთგვარი სიგნალია, რომ შესაძლოა ქვეყნიდან დასავლური კაპიტალის გადინება მოხდეს. მისი შეფასებით, მოვლენების ასე განვითარება ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუარესებას გამოიწვევს.

„ინდივიდები, შინამეურნეობები თუ ფირმები ცდილობენ, ლარის ნაცვლად დოლარი ჰქონდეთ დეპოზიტებში და დიდი რაოდენობის ვალუტის კონვერტაცია იწვევს გაუფასურებას. ეს უკავშირდება მომავალთან დაკავშირებულ მოლოდინებს: პოლიტიკურ რისკებს, საგარეო კურსის ცვლილებას და ა.შ. ეს ერთგვარი ნიშანია, რომ მომავალში შეიძლება მოვლენები ძალიან ცუდად განვითარდეს. შესაძლოა, რომ უცხოური კაპიტალის მასშტაბური გადინება დაიწყოს ქვეყნიდან და ეს უკვე ძალიან სახიფათო ტენდენცია იქნება ქართული ეკონომიკისთვის, რადგან ამ შემთხვევაში ცხოვრების დონე მომენტალურად, მნიშვნელოვნად გაუარესდება“, - აცხადებს აკაკი ცომაია.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება გაგრძელდება, რასაც ეკონომიკური დაქვეითების და სავალუტო შემოდინებების შემცირების მოლოდინი განაპირობებს. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ინტერვენციებს, აკაკი ცომაია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სებ-ს შეუძლია მსგავსი ჩარევით სწრაფი ცვლილება გააჩეროს.

„როცა მასშტაბი მცირეა, ეროვნულ ბანკს შეუძლია ინტერვენციებით დროდადრო გააჩეროს სწრაფი ცვლილების პროცესი. ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ერთჯერადი ტრანზაქციებია, მაგრამ დროთა განმავლობაში მოუწევს სხვანაირად პოზიციონირება და სხვა გზავნილის გაკეთება.

ეკონომიკური აქტივობის დაქვეითებასთან ერთად, მომავალი მაკროეკონომიკური ცვლადებიდან გამომდინარე, მაქვს მოლოდინი, რომ ტრენდი უფრო გაუფასურებისკენ იქნება. თანდათანობით უფრო და უფრო გაუფასურდება, ნელი ტემპით. მაგრამ, თუ დაუწყო მასობრივად უცხოური კაპიტალის გადინების პროცესი, ვერც ინტერვენციები უშველის ამას და რაც არ უნდა გააკეთოს სებ-მა მნიშვნელობა აღარ ექნება“, - განმარტავს ეკონომისტი.

2024 წლის 11 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეს 2024 წლის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა, ჯამში სებ-მა წელს 168.7 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის კურსი გაუფასურებას აგრძელებს. 11 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 1.56 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით 1.79 თეთრით გაუფასურდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები