მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარანი "დიმის ფერდობი" ღვინის ბოთლში ჩამოსხმას და რეალიზაცაიას გეგმავს

5b1120c78758f
მაია ბიწაძე
01.06.18 14:31
1632
მარანი ,,დიმის ფერდობი“ ღვინის ბოთლში ჩამოსხმას და რეალიზაცაიას გეგმავს. როგორც მარნის დამფუძნებელმა გოჩა ჭრელაშვილმა Bm.ge-ს განუცხადა, ღვინოს ორი ძმა იმერეთში, სოფელ ,,ქვედა დიმში“ , მამა-პაპისეულ მარანში უკვე წლებია აწარმოებს. სარეალიზაციო სახის მიცემა კი მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათი ღვინის ნიმუშები ბუნებრივი ღვინის ფესტივალზე წარსადგენად მოიწონეს.

,, საოჯახო მარანია, დიდი პაპის მიერ დაარსებული, ვამზადებდით ოჯახურ ღვინოს. ფესტივალზე დაგვიძახეს, გვაქვს კარგი ვენახები და შემოგვთავაზეს ღვინის ნიმუშები წარგვედგინა ფესტივალისთვის და მოწონება დაიმსახურა. 2 ჰექტარი ვენახი გვაქვს, ძმებს გვაქვს გაერთიანებული ორი ოჯახის ნაკვეთი და ვენახს ბიოწესით ვუვლით. ჩემს არცერთ წინაპარს ამ წესისთვის არ უღალატია, არც მამა და არც ბაბუა შხამ-ქიმიკატებს არ ხმარობდნენ, როგორი მოსავალიც მოვიდოდა ისეთს მიიღებდნენ, ე.წ კომუნისტების დროსაც კი. ჩვენც გავაგრძელეთ ეს ტრადიცია და არანაირი შხამი არ შეგვაქვს ვენახში“ - განაცხადა გოჩა ჭრელაშვილმა.

ამჟამად სამი სახის იმერულ ღვინოს აწარმოებენ, ზუსტად იმ რეცეპტით, როგორც მათი წინაპრები.

,, გვაქვს წითელი ღვინო ,,დიმულა“, რომელსაც სოფლის სახელი დავარქვით. ის რამდენიმე ჯიშის წითელი ყურძნისაგან მზადდება, რომელიც ჩვენ მოგვყავს, ეს არის: ორი სახეობის ოჯალეში - ორბელური და მარტვილური, სეველიანი და ზეიბერის მცირე რაოდენობა. ,,ცოლიკოურს“ ვსახამთ მშრალს და ნახევრადტკბილს. მშრალს სუფთა ცოლიკოურს ვაწარმოებთ, ნახევრად ტკბილში კი ცოლიკოურის რამდენიმე აბორიგენულ ჯიშს ვურევთ: ოფჩურს, ხარაგაულს, ბაზალეთურს, ციცქას და დონდღლაბს. წელს ალადასტურმაც ნიშანი მოგვცა და მომავალი წლიდან ჩამოვასხამთ.

შერეული ჯიშის ყურძნით განსაკუთრებული გემოს ღვინო გამოდის, ჩემი წინაპრები ასე ამზადებდნენ და ასე გავაგრძელეთ ჩვენც. ვენახიც ასე ჰქონდათ დარგული, სხვადასხვა ჯიშის ყურძენი ერთად მოჰყავდათ და შემდეგ, რთველის დროს არ ხდებოდა მისი განცალკევება.

ჩამოსასხამ ღვინოს ჩემი გვარი ათეული წლებია აწარმოებს, პირველი ყურძნის საწური ქვა, რაც ჩვენს ეზოში დევს 120 წლისაა, ასე რომ ჩვენი თაობები ამზადებდა ღვინოს, თუმცა მას არასდროს ვყიდიდით, პირველად ბოთლის ღვინო ამ შემოდგომაზე ჩამოვასხით ფესტივალზე წარსადგენად. ამჟამად 500 თეთრი და 300 წითელი ღვინის ჩამოსხმის შესაძლებლობა გვაქვს. წითელი ღვინო 35 ლარი, ხოლო თეთრი 30 ლარი ეღირება“ - განაცხადა გოჩა ჭრელაშვილმა.
















გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები