აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებლის 40 წლის უმაღლეს ნიშნულამდე, 8.5%-მდე ზრდას საფონდო ბირჟებზე ზოგადი ინდექსების უმნიშვნელო შემცირება მოჰყვა. გასულ 24 საათში S&P 500-ის ღირებულება 0.3%-ით შემცირდა, Dow Jones 0.2%-ით დაეცა, Nasdaq-ის ინდექსის ღირებულება კი 0.3%-ითაა შემცირებული.
მოკლევადიან პერსპექტივაში, ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, ფედერალური სარეზერვო სისტემა მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს და რეფინანსირების განაკვეთს გაზრდის, რაც, ზოგადად, ნეგატიურად აისახება კომპანიების აქციებსა და შედარებით სპეკულაციურ აქტივებზე.
მიუხედავად ზოგადი ბირჟის შემცირებისა, გასული 24 საათი რამდენიმე მსხვილი ამერიკული კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული იყო. კიბერუსაფრთხოების სექტორში წარმოდგენილი CrowdStrike-ის აქციები 3.2%-ით გაიზარდა, რისი მთავარი მიზეზიც Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების მიერ კომპანიისთვის მაღალი საინვესტიციო კატეგორიის მინიჭებაა.
თითქმის 2%-ით გაიზარდა სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის, Lululemon-ის აქციები; მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის - Apple-ის საბაზრო ღირებულებამ 1.2%-ით მოიმატა; Tesla-ს აქციების ფასი 1.1%-ით გაიზარდა. Coca-Cola-ს აქციები კი 1%-ითაა გაზრდილი.
გასულ 24 საათში საუკეთესო შედეგები ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილ კომპანიებს ჰქონდათ: Marathon Oil-ის აქციების ღირებულება 4.2%-ით გაიზარდა; Devon Energy-ის აქციები 3.7%-ითაა გაზრდილი; APA Corporation-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 2.7%-ით მოიმატა; აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგოკომპანიის Chevron-ის აქციების ფასი კი 2.1%-ითაა გაზრდილი.
ენერგოკომპანიების აქციების ზრდის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდაა, 48 საათში ბარელი ბრენტის ღირებულება თითქმის 7%-ით გაიზარდა და 106 დოლარს აჭარბებს. ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ ნავთობის და საწვავის გაძვირება ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების შემოსავლიანობის ზრდასაც გამოიწვევს.
საინვესტიციო შესაძლებლობა:
გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.




























