მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა უმნიშვნელოვანესია - დავით ნარმანია

სემეკ

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა უმნიშვნელოვანესია. მან საკითხზე ჟურნალისტებთან, დიდი ჰესების მშენებლობაზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

"მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ისევე როგორც ენერგიის დაგროვებითი სისტემების მშენებლობა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს სეზონური პერიოდები, როცა გვაქვს ენერგიის, განსაკუთრებით ჰიდრორესურსების სიჭარბე. სწორედ ამ დროს წყლის რესურსების დაგროვება და შემდეგ დეფიციტურ პერიოდში მისი გამოყენება ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, ასევე ენერგიის ფასების მეტ-ნაკლებად სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ასეთი მარეგულირებლიანი ჰესები და დამაგროვებელი მოწყობილობები აშენდეს ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს, არის ღია და თავისუფალი, კონკურენტუნარიანი, აქედან გამომდინარე, არაერთი დაინტერესებული ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორი სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტების მშენებლობა-განვითარებაში იღებდა მონაწილეობას. ფაქტი სახეზეა, იზრდება ენერგიის გამომუშავება ქვეყანაში და მომავალში ტემპები კიდევ უფრო მეტი იქნება, ვინაიდან მთავრობამ ინვესტორებისთვის არაერთი მემორანდუმი გასცა, ახალი გენერაციის ობიექტები სწორედ რომ გააშენონ და გაჩნდება როგორც ქვეყანაში დამატებითი ენერგია ადგილობრივი მოხმარებისთვის, ასევე გაჩნდება საექსპორტო პოტენციალი",- ამბობს ნარმანია.

მან ასევე უპასუხა BMG-ის კითხვას გენერაციის შეზღუდვებთან დაკავშირებით, რამაც კერძო სექტორს პრობლემები შეუქმნა და აღნიშნა, რომ ყოველთვის იქნება პერიოდები, როდესაც გენერაცია მოხმარებას გადააჭარბებს და პირიქით.

"წელს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი ძალიან წყალუხვი იყო. მოხმარების თვალსაზრისით ქვეყანაში არ იყო იმდენი ენერგია საჭირო, რა ენერგიასაც ჰიდროელექტროსადგურები გამოიმუშავებდნენ, ამიტომაც სისტემის ოპერატორს სხვადასხვა ობიექტებისთვის შეზღუდვების დაწესება მოუწია. ექსპორტზეც ვერ გადიოდა ენერგია, ვინაიდან მეზობელ ქვეყნებში ენერგიის ფასი იმ დროს იყო დაბალი და კომერციულად არ იყო მისაღები ენერგიის გატანა.

ეკონომიკური ზრდის და ცხოვრების დონის გაუმჯობესების ადეკვატურად ყოველწლიურად 3.5-4 პროცენტით და ხან უფრო მეტითაც იზრდება ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება. ეს ტენდენცია გაგრძელდება მომავალშიც, თუმცა ყოველთვის იქნება რაღაცა პერიოდები – ეს არის ენერგეტიკა და ენერგეტიკას ახასიათებს, რომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში გენერაცია უფრო ნაკლებია და მოხმარება მეტია და იმპორტია საჭირო, რაღაცა პერიოდის განმავლობაში, პირიქით, პროფიციტურია, ანუ წარმოება გაცილებით უფრო მეტია და მოხმარება იმდენი არ არის", - თქვა ნარმანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები