მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელ პირებს ხელფასები, შესაძლოა, 3-ჯერ შეუმცირდეთ,- შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის უმცირესობის წევრს რომან გოცირიძეს აქვს შემუშავებული. საუბარია კომუნიკაციის ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელ პირებზე.
კანონპროექტი დღეს ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა და დეპუტატებმა კანონპროექტის ძირითადი არსი გაიზიარეს.
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განმარტებით ბარათში წერია, რომ მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირების წლიური შრომითი ანაზღაურება 246 272 ლარია, რაც თვეში 20 000 ლარზე მეტია და სამჯერ აღემატება საქართველოს პრეზიდენტის ერთი თვის შრომის ანაზღაურებას.
„კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში კომისიის წევრებისთვის და ხელმძღვანელი პირებისთვის თვიური შრომის ანაზღაურების ზედა ზღვრის დაწესება. კერძოდ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ საქართველოს კანონს ემატება 141 მუხლი შემდეგი რედაქციით: მარეგულირებელი კომისიის წევრის, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების 1 თვის ოდენობას”,- ნათქვამია განმარტებით ბარათში.
კანონპროქტს გავლენა ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებით მოხდება მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარისა და წევრებისათვის ხელფასის შემცირება, რაც თავისმხრივ გამოიწვევს მათ მიერ ბიუჯეტში მიმართული საშემოსავლო გადასახადის შემცირებას. კერძოდ, საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის ორი თავმჯდომარისა და 4-4 წევრისათვის თვიური შრომითი ანაზღაურების ზედა ზღვრის დაწესებას, რომელიც არ აღემატება პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების 1 თვის ოდენობას, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ექნება შემდეგი სახის ზეგავლენა:
კანონპროექტის ამოქმედების მოსალოდნელი ვადის გათვალისწინებით, აღნიშნული პირების მიერ 7 თვის განმავლობაში განხორციელებული შემცირებული საშემოსავლო გადასახადის გადახდით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს მოაკლდება დაახლოებით 102 392 ლარი;
2019-2020 წლებში, სახლმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს ყოველწლიურად მოაკლდება დაახლოებით 175 529 ლარი;
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის თანახმად, 2021 წლის 1 იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტს მაქსიმალური თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრი განსაზღვრულია 10 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ 2021 წლიდან პრეზიდენტის და შესაბამისად მარეგულირებელი კომისიების თავჯდომარეებისა და წევრების ხელფასის განსაზღვრა მოხდება მაქსიმალური ოდენობით, მარეგულირებელი კომისიების თავმჯდომარეებისა და წევების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტს მოაკლდება წლიურად დაახლოებით 101 129 ლარი.

























