მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარეგულირებელმა კომისიამ "თბილისი ენერჯის" დაზიანებულ გაზსადენთან დაკავშირებით განხილვა დაიწყო - სემეკი

სემეკი

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მარეგულირებელმა კომისიამ "თბილისი ენერჯის" დაზიანებულ 500 - მილიმეტრიან გაზსადენთან დაკავშირებით განხილვა დაიწყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს დაზიანდა ცენტრალური 500-მილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ამარაგებს. ფაქტის შედეგად, 150 000 აბონენტს გაზით მომარაგება შეუწყდა.

სემეკის თავმჯდომარის თქმით, არსებულ ფაქტთან დაკავშირებით, წერილობითი ინფორმაცია „თბილისი ენერჯიდან“ უკვე გამოთხოვილია და მიმდინარე კვირაში დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ განაგრძობენ საკითხის განხილვას.

„მარეგულირებელმა კომისიამ განხილვა დაიწყო. გამანაწილებელი კომპანიისგან, „თბილისი ენერჯისგან“ წერილობითი ინფორმაცია მოვითხოვეთ. მათი მხრიდან მუშავდება ეს ყველაფერი და მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირის ბოლომდე მივიღებთ დეტალურ ინფორმაციას, დავამუშავებთ და საკითხის განხილვას გავაგრძელებთ.

მარეგულირებელმა კომისიამ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირება დაინახა, თუმცა უმნიშვნელოვანესია გამომწვევი მიზეზების დადგენა. ასევე, კომუნიკაციის ნაწილში რამდენად დროულად მიეწოდებოდა მოსახლეობას ინფორმირება. ამასთან, რამდენად იყო რეაგირებასთან დაკავშირებით "სემეკის" მიერ დადგენილი წესები დაცული. კომპეტენციის ნაწილში "სემეკი" საკითხს განიხილავს და დროულ და ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - ამბობს სემეკის თავმჯდომარე.

სემეკის თავმჯდომარე მედიასთან GWP-ს შემთხვევასაც განიხილავს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. თუმცა, მარეგულირებელმა კომისიამ მათ და სხვა კომპანიებსაც მოუწოდა იმისკენ, რომ გააძლიერონ მათი მხრიდან მონიტორინგის პროცესი და შესაძლო გართულებებთან დაკავშირებით აცნობონ მათ შორის მარეგულირებელს.

ინფორმაციისთვის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში (სემეკი) 17 თებერვალს „თბილისი ენერჯის“ საჯარო მოსმენა გაიმართა. მთავარი თემა გაზსადენის დაზიანებაა, რის გამოც 150 ათასი აბონენტი ზამთარში გაზმომარაგების გარეშე დარჩა. სემეკში გამართულ სხდომაზე იმსჯელეს, თუ რამდენად დროულად მიაწოდა კომპანიამ მომხმარებელს ინფორმაცია; რა სამუშაოები ჩაატარა ავარიის დროულად აღმოსაფხვრელად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები