საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ („საქართველოს რეგისტრატორი”) 26 000 ლარით დააჯარიმა.
სებ-ის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფულადი ჯარიმის დაკისრების მიზეზები შემდეგია:
- ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პროცესში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ - 4 000 ლარი.
- ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ერთ კლიენტთან მიმართებით, მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში არ განხორციელებულა ხელმძღვანელობისგან, პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის მოპოვება, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2 000 ლარით.
- ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ სამ კლიენტთან მიმართებით, მინიჭებული რისკის შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორები, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ - 6 000 ლარი.
- ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ორ კლიენტთან მიმართებით არ არის დადგენილი საქმიანი ურთიერთობის არსი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ - 4 000 ლარი.
- ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 10 000 ლარის ოდენობით.
ცნობისთვის, სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი” ერთ-ერთია ქვეყანაში არსებულ სამ ლიცენზირებულ დამოუკიდებელ რეგისტრატორს შორის და ახორციელებს სააქციო საზოგადოებების (ფასიანი ქაღალდების ემიტენტების) ფასიანი ქაღალდების რეესტრების მომსახურებას. ის 2007 წელს სამი წამყვანი რეგისტრატორის: შპს „კომპანია-ცენტრის”, შპს “ICT დელამენის" და შპს “რეესტრ-ცენტრის” გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა. „საქართველოს რეგისტრატორის” ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ის 500–სზე მეტ სააქციო საზოგადოებას ემსახურება და ბაზრის 50–60%-იანი წილი უჭირავს.
რაც შეეხება მენეჯმენტს, „საქართველოს რეგისტრატორის" დირექტორი ვახტანგ აროშიძეა, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოში შედიან: ზურაბ ქოქოსაძე, ირაკლი კირტავა და ანა კოსტავა.
























