გიორგი მარგველაშვილი სასახლეში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო და ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
პრეზიდენტმა მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა პროექტებში მონაწილეობისათვის და ჰუმანური იდეების დამკვიდრების, აქტიური საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისათვის ღირსების ორდენებით დააჯილდოვა: ნინო ქადაგიძე - ჟვანია, - ორგანიზაციის "პირველი ნაბიჯი“ დამფუძნებელი; ნინო ცინცაძე, - ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის “პორტიჯი” დამფუძნებელი; ნინო კიკნაძე, - ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა“ დამფუძნებელი; რუსუდან ასათიანი, - საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი; თამარ (იზა) ბექაური, - კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი;
გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმების საკითხს განიხილავენ, დაუტოვონ მომავალ პრეზიდენტს შესაძლებლობა ეურთიერთოს საზოგადოებას ფონდის საშუალებით.
"ეს ფონდი არის შესაძლებლობა იყო პიროვნულ შეხებაში შენს მოქალაქეებთან და მოვუწოდებ მათ, რომ არ შეკვეცონ, არამედ პირიქით, მისცენ მომავალ პრეზიდენტს შესაძლებლობა უფრო მეტად ეურთიერთოს საქართველოს მოქალაქეებს და მეტად მისცენ შესაძლებლობა, რომ ემსახუროს თავის სამშობლოს, მე იმედი მაქვს, რომ ისინი ამას შემისმენენ“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტს და მიუხედავად იმისა, რომ უფლებები შეკვეცილია, მას ორი მნიშვნელოვანი ასპექტი გააჩნია.
"პირველი, ეს არის საკუთარი ქვეყნის თაობაზე ძალიან მტკიცე პოზიციის დაფიქსირება სამიტებზე, საერთაშორისო შეხვედრებზე, პირისპირ შეხვედრებზე, იმის შესახებ, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი, ძლიერი სახელმწიფო, რომელიც არასდროს შეეჩვევა ოკუპაციას. სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია საკუთარი არჩევანი, რომელიც არის თავისუფალი ხალხის თავისუფალი გაერთიანება და თავისუფალი არჩევანი გააჩნდა ისტორიულად ბევრად უფრო რთულ ვითარებაშიც. ბევრად უფრო დიდმა იმპერიებმა ვერ შეაცვლევინეს ის, რაც ჰქონდა არჩეული, იქნებოდა ეს ჩვენი რწმენა, ჩვენი ენა, ჩვენი სტილი სოფლის მეურნეობის, თუ ნებისმიერი რამ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პირველმა ლედიმ. მაკა ჩიჩუამ პროექტების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა აქტიური საქმიანობისათვის, რომელშიც თავადაც იყო ჩართული შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მხარდაჭერის მიმართულებით.
დღესვე სასახლეში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ანგარიშის ელექტრონული წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა.
2014-2018 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 100-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციის 405 პროექტი დაფინანსდა.