მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარიამ დევიძე Exxon-Mobile-ის ფინანსური ანალიტიკოსი - "გეგმებზე საუბარი მოტივაციას აქვეითებს"

58e28922f2f6f
სალომე ჭიპაშვილი
03.04.17 21:40
3479
"თქვენ დაგჭირდებათ გეგმა, საგზაო რუკა და გამბედაობა, რომ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად გეზი აიღოთ", - ამერიკელი მწერლის, ერლ ნაითგეილის ეს სიტყვები გახდა 23 წლის მარიამ დევაძის მიზნის მიღწევის ინსპირაცია და დღეს ის ამერიკულ მულტინაციონალური ნავთობკორპორაცია, ჯონ როკფელერის „სტანდარდ ოილის“ შთამომავალ კომპანია EXXON –Mobile –ში მუშაობს. უფრო დეტალურად მის კარიერულ წარმატებაზე businesscontract.ge თავად მარიამს ესაუბრა.

- როგორი იყო თქვენი კარიერული გზა EXXON –Mobile-მდე ?

- ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკუტეტზე. ძალიან მიყვარს თსუ, ეს უნივერსიტეტი სტუდენტებს უდიდეს პოტენციალს სთავაზობს, მთავარია, რომ სწორად გამოიყენონ. დროის უდიდეს ნაწილს სწავლას ვუთმობდი. თავის მხრივ თსუ–ც მიფასებდა მონდომებას და არაერთგზის სტიპენდიანტი გავხდი. 2015 წელს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში 100 % გრანტი მოვიპოვე. ამავე წელს მოვიპოვე უნგრეთის მთავრობის სტიპენდია ბუდაპეშტში სწავლის გასაგრძელებლად.

მიუხედავად იმისა რომ საკამოდ ბევრი მქონდა სასწავლი,თავისუფალი დრო მაინც მრჩებოდა. ძალიან მინდოდა ეს დრო აზრიანად გამომეყენებინა, ამიტომაც დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია. ორგანიზაცია ემსახურებოდა ახალგაზრდების მოტივაციის გაზრდასა და მათი აქტივობის ამაღლებას. ჩვენი რამდენიმე პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსდა. სამწუხაროდ, ბუდაპეშტში წასვლის შემდეგ აქტიურად ვეღარ ვერთვები ორგანიზაციის საქმიანობაში და ორგანიზაციამ ფაქტიურად შეწყვიტა ფუნქციონირება. ვფიქრობ, ოდესმე ისევ დავუბრუნდები არასამთავრობო სექტორს, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს ჩემს გეგმებში არ შედის.

- როგორც ვიცი მუშაობთ მსოფლიოში უდიდეს ამერიკულ ნავთობკომპანიაში მთავარ ფინანსურ ანალიტიკოსად, როგორ მოხვდით ამ კომპანიაში და რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა Exxon-Mobile-ში ასეთ თანამდებობაზე მუშაობა?

- ჩემი კომპანიაში აყვანის პროცესი გრძელი და ცოტა კომიკურიც არის. ძალიან ბევრი დაბრკოლება შემხვდა. დაბრკოლებები ჩემს ცხოვრებას თან ყოველთვის ახლავს, მაგრამ მე მათ ვუყურებ როგორც გამოწვევებს. ეს წინააღმდეგობები, ჩემს ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის.

პირველი ეტაპი იყო აპლიკაციის შევსების პროცესი, სადაც ექცევა ყურადღება ისეთ ფაქტორებს როგორიცაა ცხოვრებისეული მიღწევები, აკადემიური მოსწრება, ინგლისურის ცოდნის დონე, რეკომენდაციები და ა.შ მეორე ეტაპი არის სატელეფონო გასაუბრება, მესამე ეტაპი კი იყო ონლაინ ტესტი. ეს არის ამერიკაში საკმაოდ პოპულარული ტესტი, numerical reasoning test , რომელიც ამოწმებს ანალიტიკურ შესაძლებლობებს და სხარტი აზროვნების უნარს.

ბოლო ეტაპი არის გასაუბრება, რომელიც 2 ეტაპისაგან შედგება. თითო სესიაზე 2 ადამიანთან გაქვს გასაუბრება. ჯამში 4 ადამიანის დარწმუნება გიწევს, რომ შენ ხარ ის, ვისაც ისინი ეძებენ.

რაც შეეხება დაბრკოლებებს, თავდაპირველად ნომერზე ვერ მიკავშირდებოდნენ, შემდეგ დამიკავშირდნენ, მაგრამ მე არ ვიყავი სახლში, ბოლოს როგორც იქნა ვუპასუხე სიგნალის გაუმართავობის გამო არაფერი მესმოდა. ტრაგი–კომედია არც შემდეგ ეტაპზე მაკლდა, როდესაც ტესტი უნდა მეწერა და მთელს ქალაქში ელექტროენერგია გაითიშა და სატრანსპორტო სისტემა უბრალოდ პარალიზდა. არც პროცესის მესამე ეტაპზე განვიცადე ფორს–მაჟორული სიტუაციის ნაკლებობა, როდესაც გასაუბრებაზე ზუსტად იმ დღეს დამიბარეს, როცა უკან ვბრუნდებოდი, პირდაპირ აეროპორტიდან მივედი და 10 წუთიანი დაგვიანების გამო, გასაუბრება არ ჩატარდა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ეს ყველა წინააღმდეგობა თუ დაბრკოლება სახალისოდ მახსენდება.

როგორც ვიცი თქვენ დაწერეთ წიგნი საზღვაო ტრანსპორტსა და ნავთობის ეკონომიკაზე, რომლითაც სტუდეტები უკვე სწავლობენ - ამ წიგნის შესახებაც რომ მოგვიყვეთ...
დიახ, მე წიგნის ერთ–ერთი თანაავტორი ვარ. წიგნი არის საზღვაო–ტრანსპორტის ეკონომიკის შესახებ. სახელმძღვანელოში განხილულია სანაოსნო ინდუსტრიის ორგანიზაციისა და საზღვაო ვაჭრობის ეკონომიკური საკითხები. მასში წარმოდგენილია საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემა, სანაოსნო ბაზრები და მათი ციკლები, საზღვაო ტრანპორტის ფინანსურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და რეგულირება. გაანალიზებულია შესაბამისი სტატისტიკური და ეკონომიკური მონაცემები. ნაშრომი რეკომენდირებულია სახელმძღვანელოდ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაციისა და ლოჯისტიკის, აგრეთვე ნავსადგურების მენეჯმენის სპეციალობისათვის. წიგნში განხილულია მსოფლიოს უდიდესი ნავთობკომპანიების საქმიანობის არეალი, ნავთობმომპოვებელი ბაზრის სტრუქტურა და ნავთობროდუქტების ლოჯისტიკის ხერხები. წიგნზე საზღვაო აკადემიის პროფესორებთან ერთად, მათი უშუალო ხელმძღვანელობით ვმუშაობდი.

- ფიქრობთ საქართველოში დაბრუნებაზე?

თუ ჩემი საქმე ვიპოვე რატომაც არა. Exxon-Mobile ისეთი კომპანიაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლების განათლებასა და განვითარებას. თუ ისეთ სამსახურს ვიშოვი, სადაც მექნება შანსი განვითარდე რატომაც არა, დავბრუნდები საქართველოში.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- გეგმებზე წინასწარ არასოდეს ვსაუბრობ. ვფიქრობ გეგმებს მოქმედება სჭირდება და არა საუბარი. აი მაგალითად, ჩემმა მშობლემა მხოლოდ მაშინ გაიგეს,მუშაობას რომ ვიწყებდი, როცა უშუალოდ შემოთავაზება მივიღე კომპანიისაგან. იგივე მოხდა სტიპენდიის შემთხვევაშიც. არავინ იცოდა საგრანტო კონკურსში რომ ვიღებდი მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ გეგმებზე საუბარი მოტივაციას აქვეითებს. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ასეა. მიუხედავად ამისა, ცხოვრების ყველა ეტაზე მქონდა და მაქვს დასახული გრძელი და მოკლევადიანი მიზნები.

- ყველაზე დიდი გამოცდილება, თქვენთვის რომელი იყო? 

- ამ ისტორიას ყოველთვის დიდი ემოციებით ვყვები. მეორე კურსზე ვიყავი, ძალიან მინდოდა პოლონეთში წასვლა ერთ–ერთ კონფერენციასა და ვორკშოპზე. მაშინ სამწუხაროდ, ამისათვის საკმარისი სახსრები არ გამაჩნდა და არც ის მინდოდა ჩემი მშობლებისათვის მეთხოვა დახმარება. წარმოდგენაც არ მქონდა მოკლე დროში როგორ მეშოვნა საკმარისი თანხა. მქონდა უბრალოდ ძალიან დიდი სურვილი.

საბოლოოდ, უამრავი თავგადასავლის შემდეგ უნივერსიტეტმა ფინანსური დახმარება გამოგვიყო. 3 დღე რჩებოდა გაფრენდმდე ჩვენ კი ვიზა არ გვქონდა. ძალიან ბევრი ზარისა და თხოვნის შემდეგ მოულოდნელად მიგვიღეს საკონსულოში და დაჩქარებული წესით ავიღეთ ვიზა. პრობლემები აქ არ დამთავებულა, სასწრაფოდ უნდა გვეყიდა ბილეთი, მაგრამ უკვე სამუშაო საათები გასული იყო. მოკლედ რომ გითხრათ, სასწაულებრივად მოვახერხეთ ბილეთის ყიდვა.

ჩემი კარიერული გზის ყველა ეტაპზე უამრავი დაბრკოლება შემექმნა. ერთგვარი Mission Imposible გამოვიდა და მთელი ისტორიის ხიბლიც ეს არის. მაშინ დავრწმუნდი, რომ თუ ადამიანს რაღაცის დიდი სურვილი აქვს და მიზნისაკენ მიისწრაფვის დაჟინებით, არ ნებდება მაშინაც კი თუ შანსები 0.1 % ია, ის აუცილებლად, აუცილებად მიაღწევს ყველაფერს! მთავარია არ დანებდე. აი მაშინ მე ავისრულე ჩემი ოცნება და მივიღე უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება.

- თქვენი აზრით რა არის მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად? რას ურჩევდით ახალგაზრდებს?

ჩემი მწირი გამოცდილებით, მივხვდი რომ ნაყოფი მაშინ არის ყველაზე ტკბილი, როცა მისი მოპოვება რთულია. ახალგაზრდებს ვურჩევდი დაბრკოლებას ნუ შეხედავენ ისე როგორც პრობლემას, არამედ მიიღონ ეს როგორც გამოწვევა. მე ეს მიდგომა ძალიან ბევრჯერ დამეხმარა. ცხოვრება აზარტული თამაშივითაა. ჩემი აზრით წარმატების მისაღწევად საჭიროა მიზანმიმართული შრომა და საკუთარი თავის რწმენა. აუცილებლად უნდა გქონდეს განსაზღვრული მიზანი, რომელიც იქნება შენი ორიენტირი. რასაც არ უნდა აკეთებდე, იფიქრე მიჰყავხარ კი ამ მოქმედებას შენი მიზნისაკენ?! თუ კარი 100–ჯერ გაგიჯახუნეს 101–ჯერ სცადე. უბრალოდ, ღმერთი აუცილებლად ხედავს და აფასებს შენს მიზანმიმართულ შრომას და ჯილდოც არ დააყოვნებს. მე ნამდვილად არ ვფიქრობ რომ ცხოვრებაში ბევრ რამეს მივაღწიე, მისაღწევი კიდევ ძალიან ბევრია, მაგრამ თუ კი რაიმესთვის მაინც მიმიღწევია, ვფიქრობ ამ სტრატეგიის შედეგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები