მარიამ ჯაში მთავრობას სტუდენტური სესხების სისტემის დანერგვას სთხოვს
დავით ჯალაღონია
14.07.18 20:28
• 1427
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის აზრით, სტუდენტებისთვის სწავლა უფრო მეტად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.
"სასწავლო გრანტების რეფორმასთან ერთად, ჩვენ ვთხოვთ დახმარებას ეკონომიკურ ბლოკს, რომ ქვეყანაში დაინერგოს ეფექტური სტუდენტური სესხებისა და ფონდების სისტემა", – განაცხადა მარიამ ჯაშმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ 2019 წელს საქართველო პროფესიული და უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი სისტემით უნდა შევხვდეს.
"ეს უნდა იყოს სისტემა, რომელიც უკეთეს კონკურენციის რეჟიმში ჩააყენებს როგორც საჯარო, ასვე კერძო უნივერსიტეტებს და პროფესიულ სასწავლებლებს და იქნება უფრო დიფერენცირებული როგორც ჰუმანიტარული, ასევე ტექნიკური და შემოქმედებითი სასწავლებლების მიმართებით", – აღნიშნა მან.
სტუდენტების დაფინანსების სქემის შეცვლის გეგმასთან დაკავშირებით ინფორმაცია განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმაც გააჟღერა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა განახლებული მთავრობა უნდა დაამტკიცოს, სადაც 10 სამინისტრო და ერთი მინისტრის აპარატი იქნება წარმოდგენილი. ამ წუთებში საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამას აფასებენ.