მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარიამ ლაშხი ლიეტუვისა და ესტონეთის სავიზო სანქციების გასაჩივრებას გეგმავს

დეპუტატი

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ლაშხი მის მიმართ ლიეტუვისა და ესტონეთის სავიზო სანქციების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ ისაუბრა.

ლაშხი ამბობს, რომ სანქცირების მიზეზი ვერ დაადგინა, რადგან ამ ქვეყნებთან მხოლოდ ხელშემწყობი საქმეები აკავშირებს.

„პირადად მე ესტონეთის და ლიეტუვის მთავრობის მხრიდან ვარ დასანქცირებული, ჩემს პირად საქმეებს რომ გადახედოთ, თუნდაც ესტონეთთან და თუნდაც ლიეტუვასთან ხელშეწყობის და მეგობრობის განვითარების გარდა არაფერი გამიკეთებია. [სანქცირების] მიზეზი ვერ გავიგე. ამისთვის ვერ მოვიცალე, მაგრამ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება მინდა და ამის მიხედვით, ალბათ ჯერ ადგილსამყოფელ ქვეყანაში უნდა მოხდეს ამის გასაჩივრება. ეს არის რეაგირება და მაქვს სურვილი“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

14 ივლისს, ლატვიამ მოსამართლეებს, პროკურორებსა და პარლამენტის წევრებს სანქციები დაუწესა. სავიზო სანქციები ჯამში საქართველოს კიდევ 55 მოქალაქეს შეეხო, თუმცა სანქცირებული პირების ვინაობა ლატვიამ არ გაასაჯაროვა. 18 ივლისს სავიზო სანქციები დააწესა ესტონეთმაც. სანქცირებულთა შორის არიან "ქართული ოცნების" დეპუტატები, მოსამართლეები, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და ასევე ახალდანიშნული გენერალური პროკურორი. 28 ივლისს კი ლიეტუვამ ქვეყანაში შესვლა საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს აუკრძალა. სავიზო სანქციები შეეხოთ მოსამართლეებს ნინო გალუსტაშვილს, ჯვებე ნაჭყებიას, ვიქტორ მეტრეველს, ირაკლი შვანგირაძეს, ასევე პროკურორებს მარი მეშველიანს და ნათია თათიაშვილს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები