"სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ" ორგანული კანონი ერთ-ერთი ის საკითხი იყო, რომელზეც 7 მაისს გამართულ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.
ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი მარიამ მეღვინეთუხუცესი bm.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მიწის საკუთრების შესახებ ორგანულ კანონში ინვესტორთა საბჭოს შენიშვნები დიდწილად გათვალისწინებულია, შესაბამისად, კანონის არსებული პროექტი ინვესტორთა საბჭოს წევრებისთვის მისაღებია.
რაც შეეხება მეორად კანონმდებლობას, რომელიც ორგანული კანონის მიღების შემდეგ შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიიღონ, მეღვინეთუხუცესის აზრით, მეორადი კანონმდებლობაც ფრიად მნიშვნელოვანია და საბჭოს წევრები იმედოვნებენ, რომ როგორც ორგანული კანონის შემთხვევაში, მეორადი კანონმდებლობის შემუშავებისას ასევე გაიმართება კერძო სექტორთან კონსულტაციები.
"ჩვენი მთავარი კომენტარი ეხებოდა კანონის რეტროაქტიულობას, რაც მიუღებელია, და ეს პოზიცია გაზიარებული იქნა. ახლა მნიშვნელოვანი იქნება, რომ მეორადი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში კერძო სექტორთან წარიმართოს კონსულტაციები. ახლანდელი რედაქციით კანონი საბჭოს წევრებისთვის სრულიად მისაღებია", - აცხადებს მარიამ მეღვინეთუხუცესი.

























