ვიცეპრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ქალაქ ცინგტაოში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ეს ქვრივიშვილის მეხუთე ვიზიტი იქნება ჩინეთში მიმდინარე წელს.
ოფიციალური ინფორმაციით, 2026 წელს მინისტრი ჩინეთში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებით უკვე ოთხჯერ: აპრილში, ივლისში, სექტემბერსა და ნოემბერში იმყოფებოდა.
სამინისტროს ცნობით, ამ სტუმრობების მიზანი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების განვითარება და ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა იყო. წლის განმავლობაში გამართული შეხვედრების შედეგად, მხარეები დიალოგის მექანიზმის შექმნაზე შეთანხმდნენ, საქართველო ტრანსკასპიური დერეფნის გაძლიერების ინიციატივას შეუერთდა, ქვრივიშვილმა კი მონაწილეობა მიიღო შანხაის ხელოვნური ინტელექტის ღონისძიებასა და ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში.
რაც შეეხება მეხუთე ვიზიტს, მინისტერიალის წლევანდელი თემაა „ინოვაციური მიღწევების გაზიარება, ენერგეტიკული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და უსაფრთხო მომავლის ერთობლივად შენება“. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვრივიშვილი გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას და დამსწრეებს სიტყვით მიმართავს, რისი მიზანიც ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის გაღრმავება, ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის გაზიარება, მწვანე ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაა.
ცინგტაოში ყოფნისას ქვრივიშვილი შეხვედრას გამართავს ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ვანგ ხუნგჭისთან, რომელიც ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.
სწორედ ჩინეთში ვიზიტის მიზეზით არ მივა პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატით, სადაც "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატებმა უკვე მეორედ დაიბარეს. წინა შემთხვევაში, ქვრივიშვილი იმ მიზეზით არ მივიდა, რომ დაბარების პროცედურის თარიღები იყო დარღვეული.






















