"ოცნების" მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ქსელური მარკეტების გადასახადები ფასებზე ახდენს გავლენას.
როგორც მან განაცხადა, ქსელურ მარკეტებს აქვთ დაწესებული ცხრა გადასახადი; სახელმწიფოს აქვს 6 გადასახადი, ეს ყველაფერი კი ბმაშია ფასებთან.
"ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა მუდმივად ემყარება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს საკითხი არის განსაკუთრებულად პრობლემური ჩვენი მოსახლეობისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე დავიწყეთ ამ თემაზე ღიად საუბარი.
მეორე მხრივ, ჩვენ გავაკეთეთ ძალიან დეტალური ანალიზი, რა იწვევს ფასების ამგვარად ზრდას და ჩვენ უკვე მედიაშიც ღიად ვისაუბრეთ, რომ დაახლოებით 86%-იან ფასნამატზე გვაქვს საუბარი საზღვრიდან ტარომდე და ძალიან კონკრეტულად გვაქვს იდენტიფიცირებული ის 9 პუნქტი, რომელი პირდაპირ აისახება ფასნამატზე.
პროცესი ძალიან გამჭვირვალედ მიმდინარეობდა, ყველა მოთამაშეს შევხვდით ფაქტობრივად ამ ჯაჭვში და დღეს ამ ინდუსტრიაში, განსაკუთრებით ქსელური მარკეტების სახით წარმოუდგენელია 9 ტიპის გადასახადი. თუ შევადარებთ სახელმწიფოს, იცით, რომ სახელმწიფოს 6 გადასახადი აქვს, თუ მათ შორის ჩავთვლით ქონების გადასახადს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბმაშია და პირდაპირ პროპორციულად ისახება ფასების ზრდაზე. მათ შორის, ერთ-ერთმა გამომსვლელმა ნამდვილად სწორად გაუსვა ხაზი, რომ ეს პირდაპირ ისახება იმაზე, რომ ქართული წარმოების პროდუქცია ნაკლებად გვხვდება ქართულ ქსელურ მარკეტებში.
ჩვენი ხელისუფლების მთავარი პოლიტიკა არის ის, რომ ძალიან სწორი ბალანსით, ღია დიალოგით, სწორი გამოსავალი ვნახოთ იმისთვის, რომ გაიაფდეს პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ქართული პროდუქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ვიხილოთ ქართული პროდუქცია ქსელურ მარკეტებში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა "რუსთავი2"-ზე, სადაც დებატების თემა სასურსათო პროდუქტების ფასების ფორმირებაა.




























