მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარიამ ვალიშვილი: ენერგეტიკაში თეორიული ფისკალური რისკების დადგომის ალბათობა ძალიან დაბალია

592eb903dc915
დავით ჯალაღონია
31.05.17 16:35
1522
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, მთავრობამ EBRD-ის დახმარებით ენერგოსექტორში ფისკალური რისკების შეფასებაზე იმუშავა და ამ პროცესში გამოიკვეთა, რომ ევროპის ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე არსებული ფასები საქართველოში გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობისთვის საკმარის საფუძველს არ ქმნის. ამის შესახებ ვალიშვილმა "საქმის კურსთან" საერთაშორისო სავალუტო ფონდის იმ რეკომენდაციის შეფასებისას განაცხადა, რომელიც ენერგოსექტორში აღნიშნული რისკების შემცირებას ეხება.

"სავალუტო ფონდის რეკომენდაცია უკვე დიდი ხანია არის, რომ მოხდეს ფისკალური რისკების გარკვეული შეფასება, რომლებიც არ არის გარანტირებული, რომ შედგება, არამედ ეს შესაძლო, თეორიული რისკებია, ძალიან დაბალი ალბათობით", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მიუხედავად ამ თეორიული რისკებისა, სექტორი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას საჭიროებს.

"განსაკუთრებით განახლებადების მხარდაჭერას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას სჭირდება სხვა ინსტრუმენტები, რომელიც მხოლოდ ბაზრის ინსტრუმენტები არ იქნება. ეს თუ არ იქნება, არის მეორე რისკი იმისა, რომ გაიზრდება დამოკიდებულება ენერგომატარებლებზე და ის რესურსი, რომელიც შეიძლება, ჩვენს ეკონომიკაში ჩაბრუნდეს და მის განვითარებას მოხმარდეს, გარეთ გავა, რაც ვფიქრობთ, სწორი არ არის და ამიტომ ყველა ძალისხმევა მიმართულია იქით, რომ მოხდეს ადგილობრივი რესურსის განვითარება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და შემდეგ მეზობელ ბაზრებზე წვდომა წარმატებული ვაჭრობის განხორციელების მიზნით - ეს არის ის მატრიცა, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრო ავითარებს თავისი პოლიტიკის განხორციელების კუთხით", - განმარტა მარიამ ვალიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები