მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მარილამ“ ასორტიმენტი გააფართოვა – ქართულმა ღვინის მარილის ბრენდმა მომხმარებელს სამი ახალი პროდუქტი შესთავაზა

მარილა

პირველი ქართული ღვინის მარილის ბრენდმა – „მარილა“ ასორტიმენტი გააფართოვა.

როგორც კომპანიის დირექტორმა, ვახტანგ ვათიაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, ახლა მომხმარებელთათვის სამი სახის ღვინის მარილი, კერძოდ რქაწითელი, საფერავი და რქაწითელის, საფერავისა და ქართული სანელებლების ნაზავი ხელმისაწვდომია.

„ღვინის მარილში, რომელშიც სანელებლებია გამოყენებული, მასში მხოლოდ ქართული გასტრონომიისთვის დამახასიათებელი გემოებია გამოყენებული, რაც ამ პროდუქტს განსაკუთრებულად მოთხოვნადს ხდის“, – აცხადებს ვათიაშვილი.

„მარილას“ პროდუქცია უკვე იყიდება ისეთი პოპულარული სავაჭრო ობიექტების ქსელებში, როგორიცაა „8000 მოსავალი“, „გუდვილი“, „ფრესკო“, „გრილსი“ და „პრემიერ ალკო“. ამასთან, საერთაშორისო ბაზარზე ბრენდი მცირე პარტიებით შედის – ლონდონში, საფრანგეთსა და ნიუ-იორკში.

პროდუქტი განსაკუთრებული ინოვაციურობით გამოირჩევა – ღვინის მარილის დამზადებისას ხმელთაშუა ზღვის მარილი და ქვევრის ღვინო გამოიყენება, რაც ქართული უნიკალურობის ხაზგასმაა.

„ჩვენი ღვინის მარილი საერთაშორისო ბაზარზე არის ინოვაციური, განსაკუთრებით ქვევრის ღვინო და განსაკუთრებით ქარვისფერი რქაწითელი. ამ ფერის მარილი არ არსებობს. მართალია, ფრანგებს აქვთ ღვინის მარილი, თუმცა ამ ფერის დადასტურებულად ჩვენ გვაქვს“, – ამბობს ვათიაშვილი და დასძენს, რომ ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, რასაც ადგილობრივ ბაზარზე მარკეტინგული აქტივობები ხელს უწყობს.

მისივე ცნობით, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან. მათ შორის, ფრანგულ შოკოლადის მწარმოებელ კომპანიასთან – „ლოტრე“-სთან, რომელმაც ღვინის მარილი შოკოლადის რეცეპტში გამოიყენა.
„მარილიანი შოკოლადი ძალიან პოპულარულია, ბევრი მოყვარული ჰყავს და ჩვენი პროდუქტი ამ ტენდენციას იდეალურად ერგება“, – აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია წარმოების გაფართოებას გეგმავს, რისთვისაც საწარმოს კახეთში გადატანას გეგმავს. ამ ეტაპზე პროდუქტის ფასი ადგილობრივ ბაზარზე 23-25 ლარს შეადგენს და შეფუთვის ტიპზეა დამოკიდებული. საერთაშორისო ბაზარზე კი ღვინის მარილი საშუალოდ 15 დოლარი ღირს. ვათიაშვილის ცნობით, კომპანია ცოტა ხნის წინ საფრანგეთის რივიერაზე გამართულ გამოფენაზე იღებდა მონაწილეობას, სადაც ერთი ბოთლი ღვინის მარილი 15 ევროდ გაიყიდა.

„ჩვენ მზად ვართ გავზარდოთ წარმოება და დავაკმაყოფილოთ სამომავლო პერსპექტივაში არსებული მოთხოვნები – ეს პოტენციალი არსებობს,“ – აცხადებს ვახტანგ ვათიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები