მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მარიონელამ" საქორწილო კაბებზე ასაკობრივი შეზღუდვის ეტიკეტი "18+" დაიტანა - კომპანიის გეგმები

საქორწილო კაბა

„ყველა გოგონას უფლებაა, შეძლოს ბავშვობის შენარჩუნება, განათლების მიღება და საკუთარი მომავლის არჩევა“, - ამ სლოგანით საქორწილო კაბების ატელიე "მარიონელა" რამდენიმე დღეა სოციალურ კამპანიას ატარებს.

კომპანიის ქუთაისის სათავო ოფისის მენეჯერმა ქეთევან ჩილინგარიშვილმა BM.GE-სთან საუბარში აღნიშნა, რომ "მარიონელა" უკვე 32 წელია არსებობს და ბაზარზე ისინი ყოველთვის იყვნენ ინოვატორები: „ჩვენი ისტორიის პირველ პერიოდში, არასრულწლოვანი გოგონების საკმაოდ დიდი რაოდენობა მოგვმართავდა. ახლა გარემო, პირობები და აზროვნება ნელ-ნელა განვითარდა, შეიცვალა დამოკიდებულებები, თუმცა მივხვდით, რომ დროა ქორწინებაზე 18 წლამდე დავაწესოთ შეზღუდვა და გოგონებს მიეცეთ მეტი შესაძლებლობა სწავლისა და განვითარებისათვის, რათა მოგვიანებით თვითმყოფადები გახდნენ“, - თქვა მან.

ჩილინგარიშვილის ინფორმაციით, კამპანიას სხვა საქორწინო კაბების კომპანიაც შეუერთდა და მათ ატელიეში ყველა კაბა ახლა უკვე „18+“ თეგით იყიდება.

„გვიხარია, რომ ამ საქმეში პიონერები ვართ. რაც უფრო მეტი გამოხმაურება იქნება და სხვა კომპანიებიც შემოგვიერთდება, მით უფრო ეფექტური იქნება ეს ინიციატივა. ვფიქრობ, ეს პროცესები სამუდამოდ უნდა გაგრძელდეს“, - თქვა ქეთევან ჩილინგარიშვილმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საქორწინო კაბების ბრენდის წარმომადგენლის თქმით, კომპანია ექსპორტის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ჩილინგარიშვილის თქმით, უცხოელი მომხმარებლების დაინტერესება მნიშვნელოვნად გაიზარდა: “ჩვენ გვყავს იაპონელი პარტნიორები, რომლებსაც კაბებს პარტიებით ვაწვდით. გაყიდვების დაახლოებით 20% უკვე ექსპორტზე მოდის”, - დასძინა მან.

ჩილინგარიშვილის თქმით, კომპანიას გეგმაში აქვს სპეციალური საწარმოს შექმნა, რაც საშუალებას მისცემს ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები