მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარჯანიშვილის თეატრის მიუღებელი შემოსავალი 400 000 ლარია - დირექტორი

5fa016e5b0909
ვიქტორია მღებრიშვილი
02.11.20 18:35
1639
"კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიუღებელი შემოსავალი, დაახლოებით, 400 000 ლარია", - ამის შესახებ BM.GE-ის თეატრის დირექტორმა ეკა მაზმიშვილმა განუცხადა. თეატრის ხელმძღვანელს მას შემდეგ დავუკავშირდით, რაც დღეს განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული რელიზით ცნობილი გახდა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, თეატრების და კინოთეატრების გახსნის თარიღმა განუსაზღვრელი ვადით გადაიწია, მაშინ როდესაც აღნიშნულ დაწესებულებებს მაყურებელი 1 ნოემბრიდან უნდა მიეღოთ.

მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია განათლების სამინისტროს კულტურის განყოფილებიდან მხოლოდ 31 ოქტომბერს მიიღეს. ამასთან, ეკა მაზმიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ თეატრი რეგულაციების დაცვით ამოქმედებისთვის მზად იყო, თუმცა გარკვეული სირთულეები ამ შემთხვევაშიც იქნებოდა.

„წარმოდგენების აღდგენა რთული იქნებოდა იქიდან გამომდინარე, რომ რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჩვენ მაყურებლის 60% -75%-ს ვკარგავდით, ისევე როგორც ჩვენი რეპერტუარის დიდ ნაწილს, მაგრამ ამუშავება ნიშნავდა იმას, რომ თეატრი ფორმაში იქნებოდა და მსახიობები  წარმოდგენების გამართვას დაიწყებდნენ“, - აღნიშნა მან.

მარჯანიშვილის თეატრის დირექტრორის ინფორმაციით, დღეისთვის თეატრალური დასი 250 ადამიანისგან შედგება და გარდა ამისა, ჰყავთ შტატგარეშე თანამშრომლებიც. „მოგეხსენებათ მარჯანიშვილის თეატრი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზეა, ამიტომ ხელფასები არ შეწყვეტილა და საკომუნიკაციო ხარჯები და კომუნალურებიც ჩვენთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან დაფარულია“, - უთხრა BM.GE-ის ეკა მაზმიშვილმა და დასძინა, რომ პროგნოზის გაკეთება, თუ როდის შეძლებს თეატრი ფუნქციონირების აღდგენას, რთულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები