მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარჯანიშვილზე დახლების დემონტაჟის შემდეგ, სად სთავაზობს მერია ალტერნატიულ ფართებს გარემოვაჭრეებს?

მარჯანიშვილის მეტრო

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან აღებულ გარემოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელება სავაჭრო სივრცეებში „ქალაქის გული“ და „თერგი“ შეეძლებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერიის განმარტებით, დემონტაჟამდე გარემოვაჭრეებს არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება, თუმცა ისინი კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. უწყების განცხადებით, მუნიციპალური ინსპექცია საჯარო სივრცეებში უკანონო გარევაჭრობისა და უნებართვო კონსტრუქციების წინააღმდეგ მონიტორინგს გააგრძელებს. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტმა ალტერნატიული სავაჭრო ადგილების მოძიება უკვე დაიწყო და ჩუღურეთის რაიონის გამგებელს, დავით მაქაცარიას, მოვაჭრეებთან შეხვედრა და აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება დაავალა.

„აღმკვეთი ღონისძიებების პარალელურად, ჩვენ დაწყებული გვქონდა სავაჭრო სივრცეების მოძიება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, ამ ადამიანებს გაეგრძელებინათ სამუშაო. თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ უბრალოდ ისე ვტოვებთ ამ ადამიანებს, უბრალოდ მოვასუფთავეთ არსებული ტერიტორია და ამ ადამიანების ბედი არ გვაღელვებს, როგორ გააგრძელებენ ისინი თავიანთ საქმიანობას. ეს ასე არ არის. არის კონკრეტული სივრცეები, რომელიც მოძიებულია. მაგალითად, ასეთი სავაჭრო ადგილებია „ქალაქის გული“ და „თერგი“, სადაც მარჯანიშვილის მეტროსთან მოვაჭრეებს შეუძლიათ შესვლა და თავიანთი საქმიანობის გაგრძელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია როგორც საჯარო სივრცეების მოწესრიგება, ისე იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომელთა შემოსავლის წყაროსაც გარევაჭრობა წარმოადგენს. კალაძემ აღნიშნა, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტს სოციალური, ჯანდაცვისა და ეკონომიკური მიმართულებით სხვადასხვა პროგრამა აქვს და საჭიროების შემთხვევაში მოვაჭრეების დახმარებისთვის მზად არის.

შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს, ღამის 02:00 საათზე, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დახლებისა და კონსტრუქციების დემონტაჟი განახორციელეს. მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა ციფრულმა გამოცემა „ამბები ფოთიდან“ გაავრცელა. ერთ-ერთი მოვაჭრის თქმით, ინსპექცია ტერიტორიაზე მანამდეც იყო მისული, თუმცა დახლების აღება მაშინ გადაიდო. მისი განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მათთან ამ საკითხზე კომუნიკაცია აღარ ყოფილა. მოვაჭრეები ასევე აცხადებდნენ, რომ მათთვის ალტერნატიული სავაჭრო ადგილი არავის შეუთავაზებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები