Meta-ს დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი პერსონალურ ხელოვნურ ინტელექტს ავითარებს, რომელსაც მისი, როგორც აღმასრულებელი დირექტორის, CEO-ს გარკვეული ფუნქციების ავტონომიურად შესრულება შეუძლია.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აღნიშნული ტექნოლოგია ცუკერბერგს საშუალებას აძლევს, გვერდი აუაროს მართვის მრავალშრიან კორპორაციულ იერარქიას და საჭირო ინფორმაცია პირდაპირ ციფრული ასისტენტისგან მიიღოს.
აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა კომპანიის ფართო სტრატეგიის ნაწილია და ის მიზნად შიდა ხელოვნური ინტელექტის სისტემების თითოეული თანამშრომლის სამუშაო პროცესში ინტეგრირებას ისახავს. ამჟამად Meta-ს “არსენალში” უკვე არსებობს ისეთი ხელსაწყოები, როგორიცაა Second Brain (მეორე ტვინი), რომელიც დოკუმენტების ორგანიზებისთვისაა განკუთვნილი და My Claw, რომელსაც თანამშრომლები AI-აგენტებთან კომუნიკაციისთვის იყენებენ.
როგორც გამოცემა წერს, ბოლო პერიოდში სილიკონის ველზე დაიწყო ახალი ტენდენციის ჩამოყალიბება, სახელწოდებით Tokenmaxxing, რაც სამუშაო პროცესში ხელოვნური ინტელექტის მაქსიმალურ გამოყენებას გულისხმობს. მარკ ცუკერბერგის განცხადებით, კომპანია აქტიურად აბანდებს ინვესტიციებს ე.წ. AI-native ტექნოლოგიებში, რათა მცირე გუნდებმა ან თუნდაც ცალკეულმა ნიჭიერმა თანამშრომლებმა შეძლონ ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებსაც ადრე დიდი რესურსი სჭირდებოდა. ამასთან, Meta-მ ცოტა ხნის წინ შეიძინა AI-სტარტაპები Manus-ი და Moltbook-ი.
უსაფრთხოების ექსპერტები მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვისას მონაცემთა შესაძლო გაჟონვისა და არაპროგნოზირებადი ქცევის რისკებზე საუბრობენ. სიირაკუსის უნივერსიტეტის პროფესორის, ადამ პერუტას განმარტებით, როდესაც ნახევრად ავტონომიური აგენტები რეალურ მონაცემებსა და სერვისებს უკავშირდებიან, პლატფორმა კრიტიკულ, ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად უნდა განიხილებოდეს.




























