Financial Times-ის ინფორმაციით, Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ზაკერბერგს მალე საკუთარი ხელოვნური ინტელექტის კლონი ეყოლება, რომელიც თანამშრომლებთან ისაუბრებს და მათ უკუკავშირს მიაწვდის.
წყაროების ცნობით, Meta ხელოვნური ინტელექტის ავატარს ზაკერბერგის გარეგნობაზე, ხმაზე, მანერებზე, ტონსა და საჯარო გამოსვლებზე ავარჯიშებს, "რათა მასთან ურთიერთობით თანამშრომლებმა დამფუძნებელთან მეტი სიახლოვე იგრძნონ".
თუკი ზაკერბერგის ავატარის ექსპერიმენტი გაამართლებს, Meta, სავარაუდოდ, მსგავსი AI კლონების შექმნის საშუალებას კრეატორებსაც მისცემს.
2024 წელს კომპანიამ კრეატორის AI პერსონაჟის პირდაპირი დემონსტრაცია უკვე წარმოადგინა. მან ასევე დაუშვა, კრეატორებმა შექმნან საკუთარი AI ვერსიები, რომლებიც Instagram-ზე გამომწერთა კომენტარებს უპასუხებენ. გარდა ამისა, Meta-ს მომხმარებლებს შეუძლიათ, თავადაც შექმნან მორგებული, AI-გენერირებული ჩატბოტები, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისიდან კომპანიამ ამ ფუნქციაზე წვდომა მოზარდებს შეუზღუდა.
Financial Times-ის ცნობით, ზაკერბერგი AI ავატარის გაწვრთნის პროცესში პირადად არის ჩართული. ის ასევე კვირაში 5-10 საათს უთმობს Meta-ს სხვა AI პროექტებზე პროგრამირებასა (კოდის წერას) და ტექნიკურ განხილვებს.
მარტში The Wall Street Journal წერდა, რომ ზაკერბერგი ქმნის საკუთარ AI აგენტს, რომელიც მას ამოცანების შესრულებაში დაეხმარება. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ეს პროექტი Meta-ს მიერ აღმასრულებელი დირექტორის AI ავატარის შექმნისგან დამოუკიდებელი ინიციატივაა.




























