სურსათზე ფასების ზრდა კომპლექსური პროცესია და ის პირდაპირ კავშირში არ არის ქვეყანაში სავაჭრო ობიექტების სიმრავლესთან - ამის შესახებ რითეილ ექსპერტი ია ნადირაშვილი BMG-სთან საუბრობს. მისი თქმით, ფასწარმოქმნას არა მაღაზიების რაოდენობა, არამედ მიწოდების ჯაჭვში არსებული ხარჯების ერთობლიობა განსაზღვრავს.
“ეს ძალიან კომპლექსური პროცესია. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია განვასხვაოთ ემოციური აღქმები და ეკონომიკური მექანიზმები და ფაქტორები. კითხვაზე პასუხი ასეთია: მარკეტების რაოდენობასა და ფასს შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი არ არსებობს“, - ამბობს ია ნადირაშვილი.
მისი განმარტებით, საბოლოო ფასი იმ მრავალმხრივი ხარჯებისგან ყალიბდება, რაც პროდუქტს მწარმოებლიდან მომხმარებლის კალათამდე მიჰყვება.
“ფასის ფორმირება დამოკიდებულია მიწოდების ჯაჭვში არსებულ ყველა ხარჯზე. ეს შეიძლება იყოს წარმოება, იმპორტიორი, ლოგისტიკა, დისტრიბუცია და საცალო გაყიდვები. თითოეული ამ რგოლის ხარჯი საბოლოოდ ქმნის იმ თვითღირებულებას, რომლითაც პროდუქტი ბაზარს მიეწოდება. მაღაზიების საოპერაციო თუ ადმინისტრაციული ხარჯი ამ ჯაჭვის მხოლოდ ერთ-ერთი მდგენელია და არა მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი” - ამბობს ია ნადირაშვილი BMG-სთან.
მისივე თქმით, ობიექტების რაოდენობაზე მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი მოქმედებს და ეს მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტია.
„მაღაზიების რაოდენობის ზრდა არის მოთხოვნა მიწოდებიდან გამომდინარე შედეგი. სადაც არის მომხმარებლების კონცენტრაცია, იქ ჩნდება მიწოდებაც. ჩვენ ვერ ვნახავთ გახსნილ ობიექტს ისეთ ადგილას, სადაც არ არის მოთხოვნა - ასეთი ლოკაციები მალევე იხურება. რითეილი, საბოლოო ჯამში, არის სერვისის მიწოდება. ის, რომ სახლთან ახლოს გვაქვს მაღაზია, ეს არის სერვისი, რომლისთვისაც საცალო ქსელი იღებს ხარჯს” - ამბობს ია ნადირაშვილი.
კითხვაზე, თუ რამდენად რეალურია სურსათზე 86%-იანი ფასნამატი, რითეილ-ექსპერტი კონკრეტული ციფრების დადასტურებისგან თავს იკავებს, თუმცა სისტემურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.
„კონკრეტულ ციფრზე საუბარი გამიჭირდება, ვინაიდან ამ მონაცემების ჩაშლასთან არ მაქვს წვდომა. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყანა დამოკიდებულია იმპორტზე და ადგილობრივი წარმოების თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ძალიან დაბალია. იმპორტის ფასზე კი მოქმედებს ყველაფერი: შესასყიდი ფასი, ინფლაცია, კურსთაშორისი სხვაობები, ლოგისტიკა და საბაჟო მოსაკრებლები. საკითხი ძალიან სენსიტიურია, ამიტომ მას სჭირდება სისტემური მიდგომა და ეკონომიკური ანალიზი” - განმარტავს ია ნადირაშვილი.
მთავრობა სურსათის ფასებზე ზეწოლის ერთ-ერთ მიზეზად, სუპერმარკეტების გაფართოებას მიიჩნევს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 100 ათას ადამიანზე გაანგარიშებით, საქართველოში მეტი მარკეტია ვიდრე ევროპაში. მისი თქმით, საქართველოში ეს მაჩვენებლი 113-ია, ევროპაში კი - 60.
დისტრიბუტორთა ასოციაციაშიც აცხადებენ, რომ ბრენდული საცალო-სავაჭრო ობიექტების რაოდენობის ზრდა ფასებზე გარჯკვეულ ზემოქმედებას მართლაც ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიათა სიმრავლე კონკურენციას უნდა აძლიერებდეს და ფასებს ამცირებდეს, დღეს ბაზარზე არსებული მოდელი სექტორისთვის დიდ ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს. ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა რიჟამაძე ამბობს, რომ ყოველი ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯებს, რეალურად, სადისტრიბუციო და ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიები აფინანსებენ. ხოლო რითეილ სექტორი არარენტაბელური ობიექტების შემოსავლებს მიმწოდებლების ხარჯზე აკომპენსირებს, რაც საბოლოო ჯამში პროდუქციის თვითღირებულებაზე აისახება და ფასების ზრდას უწყობს ხელს.




























