სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჰოლდინგში” აცხადებენ, რომ ერთ-ერთი გამოწვევა სავაჭრო ქსელების მიერ მიმწოდებლებისთვის თანხების ანაზღაურების გაჭიანურებული ვადებია.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, ჯონი ქოჩიაშვილმა პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა, ქსელების მიერ დაწესებულ სხვადასხვა გადასახადებთან ერთად, გაწელილი გადახდის ვადებია ერთ-ერთი მიზეზი, პროდუქციაზე ფასებს ზრდის. მისი თქმით, ქსელისთვის მაქსიმალური გადახდის ვადა 30 დღემდე უნდა შემცირდეს.
„ჩვენი პარტნიორები, მულტინაციონალური კომპანიები ყოველ 2-3 წელში აწარმოებენ ბაზრის კვლევას. სულ ახლახან ერთ-ერთმა კომპანიამ ჩაატარა ასეთი მოკვლევა და გამოიკვეთა ის, რაზეც ამ შეხვედრაზეა საუბარი. ამ ჯაჭვში - მწარმოებელი, გამანაწილებელი ანუ სადისტრიბუციო კომპანია და გაყიდვების ქსელი, დომინანტი პოზიცია უკავიათ ქსელებს. ისინი, რა თქმა უნდა, კარნახობენ ყველანაირ პირობებს. აქ პროდუქტი იმპორტირებულია თუ ადგილობრივი წარმოების არის, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ამ კვლევის თანახმად, ფასების ზრდას განაპირობებს ის, რომ ქსელებს აქვთ უამრავი სხვადასხვა სახის გადასახადი დაწესებული - გახსნის, შესვლის, დაბადების დღის და ა.შ. აქ გამოიკვეთა ორი ძირითადი პრობლემა, ე.წ. “ქეშბექი” და გადახდის პირობა. გადახდის პირობა, ვადა ჩვენს შემთხვევაში, არის 60-დან 80 დღემდე. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, იყოს 100-120 დღეც. პირობითად რომ წარმოვიდგინოთ, პირველ სექტემბერს შევიტანე პროდუქცია ქსელში. დაახლოებით 2-3 თვის შემდეგ, პირველ დეკემბერს მან ეს უნდა გადამიხადოს. ვმუშაობთ ბანკის სახსრებით, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა.
არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა გადახდის დღეებთან დაკავშირებით. შორსაც რომ არ წავიდეთ, მაგალითად, ჩვენს მეზობელ სომხეთში თანხას 20-21 დღეში იხდიან. საქართველოში, ეს არის 60-80 და ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც ვთქვი, 100 დღე. მარტივი რეგულაციაა შესაძლებელი. ჩვენ ვფიქრობთ და იმ კვლევის შედეგებიც არის, რომ მაქსიმალური გადახდის ვადა 30 დღე უნდა გახდეს. სავსებით საკმარისია, რომ ნებისმიერმა ქსელმა გადაიხადოს“, - განაცხადა ჯონი ქოჩიაშვილმა.




























