26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქვეყანამ მილოცვები და მხარდაჭერის გზავნილები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მიიღო.
საერთაშორისო პოლიტიკურმა ლიდერებმა მილოცვის წერილები ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც გაუგზავნეს.
მარკო რუბიო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
"მიმდინარე წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად და ჩვენი ორივე ქვეყნისთვის მეტი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ".
ჩარლზ III, დიდი ბრიტანეთის მეფე
"მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან ვამაყობ ჩვენს ორ ერს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობით. მე და ჩემს მეუღლეს გვსურს ქართველ ხალხს გულწრფელი და საუკეთესო სურვილები გადავცეთ მომავალი წლისთვის".
ევროკავშირი
"ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გულითადად ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
ამ მნიშვნელოვან დღეს, კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".
რომის პაპი ლეო XIV
"თქვენი ეროვნული დღის აღსანიშნავად, თქვენს აღმატებულებას ვუგზავნი ჩემს მხურვალე სურვილებს თქვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და გულთა ერთიანობისათვის. ვლოცულობ უფლის წინაშე, რომ თქვენმა თანამოქალაქეებმა კვლავაც ჰპოვონ მარად ახალი შთაგონება ერის საერთო კეთილდღეობისათვის მსახურების გზაზე. დაე, ისინი დარჩნენ მშვიდობისმყოფელებად, ღარიბთა ძახილის მიმართ მგრძნობიარეებად და შემოქმედებითებად ქველმოქმედებაში მათი ტანჯვის შესამსუბუქებლად. ყოვლისშემძლე ღმერთმა, წმინდა ნინოს შუამდგომლობით, მიანიჭოს ქართველებს უსაფრთხოდ და მშვიდობით ცხოვრების უფლება. გულწრფელად მოვუხმობ ღვთიურ კურთხევას თვენი აღმატებულებისათვის, საზოგადოებრივ საქმეზე პასუხისმგებელი ყველა პირისა და სრულიად ქართველი ხალხისათვის".
ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი
"სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომელსაც უკვე პრაქტიკული და ინსტიტუციონალიზებული სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათი აქვს. ჩვენ ასევე ძალიან ვაფასებთ საქართველოს მთავრობისა და პირადად თქვენს ძალისხმევას რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას, ხოლო თქვენს ქვეყანას მშვიდობას და კეთილდღეობას".
ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი
"გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს - პირადად თქვენ [ირაკლი კობახიძეს] და მთელ ქართველ ხალხს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით.
ძალიან გვახარებს ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და სტრატეგიული პარტნიორის - საქართველოს დინამიკური განვითარება და მიღწევები. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციებს ეფუძნება, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ჩვენს ხალხებს შორის".
რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის პრეზიდენტი
"პატივცემულო პრემიერო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გასულ თვეს ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე თქვენი ვიზიტისას მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, ჩვენი მჭიდრო მეგობრობისა და სამაგალითო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, ემსახურება ჩვენი ხალხების, რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობის ინტერესებს. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას, ხოლო მეგობარი საქართველოს ხალხს - კეთილდღეობას".
სი ძინპინი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი
"თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მინდა პირადად თქვენ და ქართველ ხალხს გულითადი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ.
ჩინეთი და საქართველო კარგი მეგობრები არიან, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთს. ისინი ასევე კარგი პარტნიორები არიან, რომლებიც თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობაზე თანამშრომლობენ.
ამჟამად, ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძალას იკრებს: პოლიტიკური კავშირები კვლავაც ძლიერდება, სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ შინაარსს იძენს, ხოლო მრავალმხრივი თანამშრომლობა სულ უფრო ნაყოფიერი ხდება.
უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს და მზად ვარ თქვენთან ერთად ვიმუშაო ორმხრივი ურთიერთობების ახალ სიმაღლეზე ასაყვანად - ორივე ქვეყნის ხალხის საკეთილდღეოდ. საქართველოს კეთილდღეობას, ხოლო მის ხალხს ბედნიერებას ვუსურვებ".
ლი ციანი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი
"გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს პირადად თქვენ და საქართველოს მთავრობას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება, ხოლო "სარტყელისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში ორმხრივმა თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო. გამოვთქვამ მზადყოფნას, ერთობლივი ძალისხმევით გავაღრმავოთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს - ბედნიერებას".
მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი; მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი, პრემიერ-მინისტრი და დუბაის მმართველი; მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი, ვიცე-პრეზიდენტი და ვიცე-პრემიერი
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსურს, თქვენო აღმატებულებავ, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო საქართველოს მთავრობასა და მეგობარ ქართველ ხალხს ვუსურვო შემდგომი წარმატებები, წინსვლა და კეთილდღეობა. გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური".
ლი ჯე მიუნგი, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი
"კორეის რესპუბლიკის მთავრობისა და ხალხის სახელით, მაქვს პატივი, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელი მილოცვა გადავცე თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ კორეა და საქართველო კვლავ განაგრძობენ თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარებას, რაც მტკიცე მეგობრობასა და გულწრფელ ნდობაზეა დაფუძნებული.
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს ხანგრძლივი პროგრესისა და კეთილდღეობისთვის, თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობისა და ქართველი ხალხის ბედნიერებისთვის".
ფილიპი, ბელგიის მეფე
"საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოს ეროვნული დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მსურს თქვენს აღმატებულებას გადავცე ჩემი მილოცვა და გისურვოთ ბედნიერება და ჯანმრთელობა როგორც თქვენ, ისე ყველა თქვენს თანამემამულეს".
ანდრეი პლენკოვიჩი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი
"ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პირადად თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს. ეს დღე წარმოაჩენს ქართველი ერის ურყევ ძალას, გამძლეობასა და მისწრაფებებს, რომელსაც უწყვეტ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ. ხორვატიის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილგანწყობილ ურთიერთობებსა და პროდუქტიულ თანამშრომლობას. დიალოგისა და ურთიერთპატივისცემისადმი ჩვენი ერთგულება ხელს უწყობს თანამშრომლობის სტაბილურ განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ხორვატიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობა და პარტნიორობა კვლავაც გაღრმავდება ჩვენი ხალხების სასარგებლოდ და ჩვენს ფართო რეგიონში სტაბილურობისა და თანამშრომლობის მხარდასაჭერად".
დენის ბეჩიროვიჩი, ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე
"ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმისა და ჩემი სახელით, ნება მომეცით გულწრფელად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე და გისურვოთ თქვენი ქვეყნის ხანგრძლივი კეთილდღეობა.
ვსარგებლობ შესაძლებლობით და გამოვხატავ მტკიცე რწმენას, რომ, ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება".
რუმენ რადევი, ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
"გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - 26 მაისთან - დაკავშირებით. ბულგარეთის რესპუბლიკა აფასებს საქართველოსთან არსებულ კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და პარტნიორობას, რომელთა საფუძველია ჩვენს ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არსებული დიდი ხნის ისტორიული და კულტურული კავშირები. მჯერა, ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, წვლილი შევიტანოთ მათ განვითარებასა და გაუმჯობესებაში საერთო ინტერესების სფეროებში, ხოლო მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში ხელს შევუწყობთ საერთაშორისო ინიციატივების კონტექსტში ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ევროპასა და აზიას შორის კავშირებს, შავი ზღვის ფართო რეგიონში უსაფრთხოებას. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში".
ჯურო მაცუტი, სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
"სერბეთის რესპუბლიკის მთავრობისა და ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ თქვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემასა და გაგებაზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობა, განვითარებას განაგრძობს საერთო ინტერესის ყველა სფეროში. თბილისში სერბეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პროცესს.
ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გამოვხატავ განსაკუთრებულ მადლიერებას საქართველოს მიერ სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. თქვენი ქვეყნის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აჩვენებს საქართველოს ერთგულებას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების თანმიმდევრული პატივისცემის მიმართ, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ".
ლინა კასიანიდუ, კვიპროსის კულტურის მინისტრი
"მსურს, ქართველ ხალხს გადავცე ჩემი გულწრფელი მოლოცვა. ეს დღესასწაული აღნიშნავს საამაყო ფურცელს თქვენი ქვეყნის ხანგრძლივსა და მედეგ ისტორიაში. ვუსურვებ საქართველოს მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობასა და წინსვლას. კვიპროსსა და საქართველოს აკავშირებთ ხალხთაშორისი მჭიდრო კონტაქტები, რომლებიც დაფუძნებულია საერთო ისტორიაზე, კულტურასა და სარწმუნოებაზე.ჩვენ განსაკუთრებით გვიხარია, რომ კვიპროსში ვმასპინძლობთ ძლიერ და აქტიურ ქართულ დიასპორას, რომელიც წარმოადგენს ნამდვილ მეგობრობის ხიდს კვიპროსსა და საქართველოს შორის".
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელად ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს საქართველოს მოსახლეობას".
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
"გილოცავთ ეროვნულ დღეს, საქართველო!
რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს".
შვეიცარიის საელჩო საქართველოში
"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
ეს დღე ყველა იმ ქართველს ეკუთვნის, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა სამშობლოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ხარიტონ შავიშვილი ერთ-ერთია, ვისი ცხოვრება და ბრძოლა შვეიცარიას უკავშირდება".
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ლატვია გულწრფელ მილოცვებსა და საუკეთესო სურვილებს უგზავნის ქართველ ხალხს. ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიას და მისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს".
ნორვეგიის საელჩო საქართველოში
"დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას!
26 მაისს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს ხანგრძლივ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და 1918 წელს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებას. საბჭოთა მმართველობის ათწლეულების განმავლობაშიც კი, თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის იდეალები საქართველოს ეროვნული ისტორიის მთავარ ნაწილად რჩებოდა. დღეს ეს ღირებულებები კვლავაც უმნიშვნელოვანესია. მშვიდობიან და ღირსშესანიშნავ დღესასწაულს ვუსურვებთ ყველას, ვინც ამ დღეს აღნიშნავს!"
შრი-ლანკის საგარეო საქმეთა სამინისტრო
"საუკეთესო სურვილებითა და გულწრფელი მილოცვებით მივმართავთ შრი-ლანკის მთავრობისა და ხალხის სახელით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ხალხს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით! | 26 მაისი, 2026 წელი!"
იტალიის საელჩო საქართველოში
"დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში იტალიის საელჩო საუკეთესო სურვილებსა და კეთილდღეობას უსურვებს საქართველოს!"
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
"ესტონეთი გულითადად ულოცავს საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ვრჩებით ქართველი ხალხის დემოკრატიისა და მათი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის ერთგულნი".
პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში
"1918 წლის 26 მაისი ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვის სიმბოლოა. დღეს, ისევე როგორც მაშინ, გერმანია დგას მათ გვერდით, ვინც მხარს თავისუფალ, მშვიდობიან და ევროპულ საქართველოს უჭერს. გილოცავ საქართველო დამოუკიდებლობის დღეს!"
უკრაინის საელჩო საქართველოში
"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!გისურვებთ მშვიდობას, ერთიანობას, კეთილდღეობას და თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს შემდგომ განვითარებას. უკრაინა დიდად აფასებს ქართველი ხალხის მეგობრობას და მხარდაჭერას".
სალი-ენ ვინსენტი, ავსტრალიის ელჩი საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ავსტრალია საუკეთესო სურვილებს, მშვიდობასა და კეთილდღეობას, ასევე წარმატებულ წელს უსურვებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს".
ალექსანდარ ვუჩიჩი, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
"სერბეთის რესპუბლიკის მოქალაქეების და პირადად ჩემი სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გიგზავნით გულწრფელ მილოცვას და საუკეთესო სურვილებს თქვენი ქვეყნისა და ხალხის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის.
უაღრესად კმაყოფილი ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებითა და პოლიტიკური დიალოგის მიმდინარეობით. მტკიცედ მწამს, რომ, ერთობლივი ძალისხმევით, მომავალშიც განვაგრძობთ სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას...
...მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპული მხარდაჭერისთვის".
ალექსანდრ ლუკაშენკო, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი
"გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით - ეს დღესასწაული სიმბოლურად ქართველი ხალხის სიმტკიცეს, ერთიანობასა და ურყევ სულს განასახიერებს.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო განაგრძობს წინსვლას მდგრადი განვითარების გზაზე, კიდევ უფრო გააძლიერებს თავის სახელმწიფო ინსტიტუტებს და გააუმჯობესებს მოქალაქეთა კეთილდღეობას. ეს ძალისხმევა ხელს შეუწყობს ქვეყნის შემდგომ პროგრესს და განამტკიცებს მის რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე.
მოუთმენლად ველი მინსკსა და თბილისს შორის ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, მათ შორის ვაჭრობის, ეკონომიკის, ჰუმანიტარულ და კულტურის სფეროებში.
ძვირფასო მიხეილ, გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას, ოპტიმისტურ განწყობასა და წარმატებას, ხოლო ქართველ ხალხს - მშვიდობას, კეთილდღეობასა და უზრუნველ მომავალს".
მარკო მიხელსონი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე
"ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ჩვენს მეგობრებს საქართველოში! თქვენი დაუღალავი ბრძოლა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და უკეთესი მომავლისთვის ამაოდ არ ჩაივლის. საქართველოს მომავალი თავისუფალ ევროპაშია".
ვალიდ აბუ ჰაია, ისრაელის ელჩი საქართველოში
"ამ განსაკუთრებულ დღეს გულითადად ვულოცავ საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი საქართველოს თავისუფლების ურყევი სულისკვეთების, გამძლეობისა და ეროვნული სიამაყის ნათელი სიმბოლოა - ღირებულებებისა, რომლებიც ღრმად ეხმიანება ისრაელის ხალხს. ჩვენი ორი ერი, მიუხედავად გეოგრაფიული დაშორებისა, დაკავშირებულია უძველესი ისტორიით, საერთო დემოკრატიული პრინციპებითა და მტკიცე მეგობრობით, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული.
საქართველო არის საამაყო ისტორიის, ლამაზი ტრადიციებისა და გამორჩეული ადამიანების ქვეყანა, რომლის სითბო, კულტურა და სულისკვეთება მრავალი ხალხებისთვის შთაგონების წყაროა. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებას ნათელი მომავლის მშენებლობაში".
გარეტ უორდი, ბრიტანეთის ელჩი
"ემოციური იყო თავისუფლების მოედანზე გამართული ფიცის დადების ცერემონია. საქართველოს თავდაცვის ძალები სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ამაყად იცავენ. ამიტომ, განსაკუთრებით მოხარული ვიყავი, რომ შესაძლებლობა მქონდა მისი უდიდებულესობა მეფის მოსალოცი გზავნილი გადამეცა".
პარაგვაის საგარეო საქმეთა სამინისტრო
"პარაგვაის რესპუბლიკა ულოცავს საქართველოს ხალხსა და მთავრობას დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს და გამოხატავს სურვილს, გააღრმაოს კავშირები ჩვენს ორ ქვეყანას შორის ჩვენი ერების საკეთილდღეოდ".
სერჯო მატარელა, იტალიის პრეზიდენტი
"დღეს, როდესაც მეგობარი ქართველი ხალხი აღნიშნავს და ზეიმობს ქვეყნის დამოუკიდებლობას, მსურს გულითადად მოგილოცოთ იტალიის რესპუბლიკის სახელით.
მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა, რომელიც კვლავაც დამძიმებულია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგებითა და ჩვენი საზღვრების მახლობლად არსებულ რეგიონებში მრავალრიცხოვანი კრიზისული კერებით, თბილისი და რომი არ ამბობენ უარს ურთიერთთანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობაზე, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მეგობრობის სულისკვეთებით.
ამ წინაპირობებიდან გამომდინარე, იტალია კვლავაც გულდასმით ადევნებს თვალყურს საქართველოს გზას ევროკავშირისაკენ და იმედოვნებს რომ ეს გზა ახალი და მტკიცე იმპულსით გაგრძელდება, რომელიც დაფუძნებული იქნება კონსტრუქციულ ურთიერთქმედებაზე და, უპირველეს ყოვლისა, ევროპული ინტეგრაციის საფუძვლებისა და დემოკრატიული ღირებულებების სრულ ერთგულებაზე.
სასიამოვნოდ ვიხსენებ მილანო-კორტინას XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე თქვენს მონაწილეობას და ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ გისურვებთ კეთილდღეობას და წარმატებულ მომავალს".
ალექსანდერ ვან დერ ბელენ, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტი
"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,
საქართველოს ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მაქვს პატივი, გადმოგცეთ ჩემი გულთბილი მილოცვა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომისა და მასთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური გამოწვევების კონტექსტში, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ქვეყნები გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ მშვიდობის, საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და დემოკრატიის სულისკვეთებით.
ვსარგებლობ შესაძლებლობით, რათა თქვენ და თქვენს ოჯახს გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, ხოლო ქართველ ხალხს - მშვიდობიანი და ბედნიერი მომავალი".
იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო
“მის აღმატებულებას, საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მაქვს პატივი თქვენს აღმატებულებას გადავცე ჩემი გულითადი მილოცვა და გამოვხატო გულწრფელი სურვილი თქვენი ბედნიერებისა და თქვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის”.
საუდის არაბეთის მეფე და ტახტის მემკვიდრე:
"თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის წლისთავთან დაკავშირებით, მაქვს პატივი, თქვენო აღმატებულებავ, მოგმართოთ გულწრფელი მილოცვის სიტყვებითა და საუკეთესო სურვილებით თქვენი ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის, ხოლო მეგობარი ქვეყნის - საქართველოს მთავრობასა და ხალხს - ხანგრძლივი პროგრესი და კეთილდღეობა ვუსურვო“,- აღნიშნულია მისალოც წერილებში".
ანტონიო გუტერეში, გაეროს გენერალური მდივანი
"გთხოვთ, მიიღოთ ჩემი თბილი მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
ეროვნული დღესასწაულები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქვეყნის მიერ განვლილი გზის, საერთაშორისო საზოგადოებაში მისი წვლილისა და მისი მომავლის განმსაზღვრელი მისწრაფებების გასააზრებლად. ისინი ასევე შეგვახსენებენ, თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიალოგი და სოლიდარობა გლობალური გამოწვევების დაძლევაში.
დღეს მსოფლიო უმწვავესი გამოწვევების წინაშე დგას: არსებული ომების დასრულება და ახლის პრევენცია; კლიმატის კრიზისის დაძლევა; უთანასწორობის შემცირება და მოწინავე ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანი მართვა. ამ და სხვა გამოწვევების დაძლევა მოითხოვს მრავალმხრივ თანამშრომლობაში განახლებული ენერგიით ჩართვას და მის მხარდაჭერას მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად და ადამიანის უფლებების დასაცავად.
ნება მომეცით, ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი საუკეთესო სურვილები ქართველი ხალხის მიმართ.
გთხოვთ, მიიღოთ, თქვენო აღმატებულებავ, თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა".
მასალა განახლდება




























