მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარკო რუბიო პანამისგან ჩინური გავლენების შემცირებას ითხოვს

მარკო რუბიო პანამაში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ცენტრალურ ამერიკაში გაემგზავრა, სადაც პანამის პრეზიდენტს, ხოსე რაულ მულინოს შეხვდა. ლიდერებს შორის გამართული საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა იყო, რომელიც ბოლო პერიოდში, იმდენად გართულდა, რომ დონალდ ტრამპი პანამის არხის სამხედრო ძალის გამოყენებით მისაკუთრებაზე ალაპარაკდა.

აშშ-ის პირველი დიპლომატის განცხადებით, პანამის არხზე ჩინეთის მზარდი გავლენა შემაშფოთებელია, რადგან ეს, მისი თქმით, აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის. შედეგად, მარკო რუბიომ პანამის ხელისუფლებისგან ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების დაცვა და ჩინური გავლენებისგან გათავისუფლება მოითხოვა. კონკრეტულად რა დაასახელა მარკო რუბიომ შეხვედრაზე ბერკეტად, თუ პანამა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს, უცნობია.

დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ დღეს, პანამის არხს ჩინეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ჩინური კომპანიები აკონტროლებენ, რაც პრეზიდენტს შეერთებულ შტატებს და პანამას შორის ათწლეულების წინ დადებული ხელშეკრულების დარღვევად მიაჩნია. აღნიშნული დოკუმენტის მთავარი მდგენელი ისაა, რომ პანამის არხი პოლიტიკურად ნეიტრალური ლოგისტიკური გამტარი უნდა იყოს. თუმცა ჩინეთმა, ბოლო წლებში, პანამაში დიდი ფული ჩადო და დღეს, პანამის არხთან მდებარე ხუთი პორტიდან ორს სწორედ ჰონკონგში ბაზირებული კომპანიები მართავენ.

აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად პანამაზე, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი $76.5 მილიარდია, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით დოვლათი დაახლოებით $17,400-ია. ბოლო წლებში, პანამაში ინფლაციის დონე დაბალია, ხოლო უმუშევრობა 7.4%-ია. პანამის ეკონომიკა დივერსიფიცირებულია და მოიცავს, როგორც ტრანსპორტს და ლოგისტიკას, ანუ პანამის არხის მიერ გენერირებულ შემოსავალს, ასევე საბანკო და ფინანსურ მომსახურებებს, რაც ქვეყანაში არსებულ ოფშორულ ზონას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები