როგორც BM.GE-ის „იმერის“ საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაია სიმონიძემ განუცხადა, სამოსის წარმოებას ნოემბერში დაიწყებენ, ხოლო დეკემბერში ის ევროპისა და აზიის ბაზარს მოიცავს.
„MARKS & SPENCER-ის აუდიტი გავიარეთ და უფლება მოგვენიჭა მასთან ვიმუშაოთ. შეკერილ პროდუქციას ჩვენ M&S-ს სათაო ოფისს თურქეთში მივაწვდით და შემდეგ ის გაყიდვებისთვის მსოფლიო მასშტაბით გაანაწილებს.
ბრენდთან ოფიციალურად სამკერვალო კომპანია BTM-მმა დაგვაკავშირა, რომელიც M & S-ს შეკვეთების ოფიციალური შემსრულებელია. ერთი წლის განმავლობაში რეკომენდაციების გათვალისწინებით ბრენდის აუდიტი წარმატებით გავიარეთ", - განაცხადა მაია სიმონიძემ.
სამკერვალო საწარმო „იმერი“ მოლაპარაკებების პროცესს ერთ-ერთ ცნობილ იტალიურ ბრენდთანაც აწარმოებს, თუმცა ამ ეტაპზე მის ვინაობას კომერციულ საიდუმლოებად ტოვებენ. ამ ეტაპზე "იმერს" ქუთაისში ორი მაღაზია აქვს. კომპანიის წლიური ბრუნვა დაახლოებით, 4 მლნ ლარია.
ცნობისთვის: „სამკერვალო კომპანია იმერი“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია.
„შპს „სამკერვალო კომპანია იმერმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსური, მხარდაჭერით ისარგებლა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებდა. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 800 ათას ლარზე მეტს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, კომპანიამ ქუთაისში, ახალი საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება შეძლო, რომლის შედეგადაც გაიზარდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 400-მდე ადამიანი“, - აცხადებენ „აწარმოე საქართველოში“