მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი პაატა ნარიმანიძე "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მათ მიერ ნაწარმოებ ტრადიციულ წითელ ტყემალში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა.
ნარიმანიძე აცხადებს, რომ კომპანია ნატურალურ პროდუქტს მოიხმარს და საკითხზე მოკვლევა თავადაც დაიწყეს.
"ახლახანს გავიგე მეც ეს ყველაფერი და არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ყველაფერი არის ქართული, ნატურალური და სუფთა. ვიკვლევთ, საიდან შეიძლება აღმოჩენილიყო ის, რაც აღმოჩნდა. ვერანაირ პასუხს ამ ეტაპზე, ვეთანხმებით თუ არა კვლევის შედეგებს, ვერ გაგცემთ. კვლევის შედეგები უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ ხვალ გვეცოდინება", - განაცხადა bm.ge-სთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 42 დასახელების სურსათიდან 6 ნიმუშში არასაკვები საღებავები აღმოჩნდა.
ორგანიზაციამ ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები აიღო და გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად გააგზავნა.
პროდუქტები, რომელშიც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა:
ტყემალი წითელი, კლასიკური, შპს "გსქ კულა";
ტრადიციული წითელი ტყემალი, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა;
ტომატის საწებელი Supremo, შპს ფუდსერვისი;
ეს აჯიკა, შპს "ეს";
ჩილი სოუსი ცხარე, შპს Soledo;
მშრალი აჯიკა, თეთნულდი.

























