ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მარნეულის წრიულის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ღირებულება 3.4 მილიონ ლარამდეა და სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი, განახლდა დაზიანებული საგზაო ნიშნები და დასრულდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
"მარნეულის წრიული გზა ქალაქის ცენტრში გადის და წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს, რომელიც აკავშირებს ქალაქის შიდა ქუჩებს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო მარშრუტთან. მონაკვეთი ინტენსიურად გამოიყენება როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ტრანსპორტის მიერ და ემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე მარნეულის გავლით მიმოსვლას.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გაუმჯობესდა საგზაო უსაფრთხოების ხარისხი და სატრანსპორტო ნაკადების გამტარიანობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში", - წერია გზების დეპარტამენტის პრეს-რელიზში.
გარდა ამისა, როგორც უწყება იტყობინება, მარნეულში, წყალმომარაგების სისტემების მიმდინარე მშენებლობის ფარგლებში დაზიანებული საავტომობილო გზების სრულ რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყებს.



























