მარნეულის წყალმომარაგების სისტემის მოწყობაზე ტენდერი ივნისში გამოცხადდება, ამის შესახებ, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ "საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.
"წყალმომარაგების მიმართულებით ბევრი პროექტი გვაქვს, წელს მარნეულს დავიწყებთ აუცილებლად. მარნეულის წყალმომარაგება შარშან უნდა დაგვეწყო, მაგრამ პროექტმა გარკვეული მოდიფიკაცია მოითხოვა, შეცვლილი პროექტი ივნისში გვექნება და ტენდერს გამოვაცხადებთ.
ფოთში კანალიზაციის სისტემის მშენებლობა დავიწყეთ, იქ გვყავს უკვე კონტრაქტორი; ზუგდიდში ბევრი პროექტი მიმდინარეობს ამ მიმართულებით. აბაშის წყლის ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობაც სრულდება, ასე რომ წყალმომარაგების მიმართულებით სრული დატვირთვით ვმუშაობთ.
წელსვე იწყება ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც ევროპული სტანდარტებით კეთდება, ყველა ნორმა იქნება დაცული იმისთვის, რომ იქ არ გვქონდეს ის მდგომარეობა, რაც ძველ ნაგავსაყრელებზეა. ეს არის ძირითადი მიმართულები, რასაც 2018 წელს დავიწყებთ“ - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

























