უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის, ნატო ბოჭორიშვილის თქმით, ბოლო წლებში მარნეულში მშენებლობების გახშირების ტენდენცია შესამჩნევია. როგორც მან bm.ge-ის განუცხადა, მოთხოვნა ძირითადად ადგილობრივების და იმ ემიგრანტების მხრიდან ფიქსირდება, რომლებიც სწორედ ამ რეგიონიდან არიან წასული საზღვარგარეთ სამუშაოდ.
„თავიდან, მარნეულში ექსპერიმენტულად დაიწყო მშენებლობები, შემდეგ კი იმდენად დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობიდან, რომ მშენებლობები გახშირდა“, - განაცხადა ნატო ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობის გახშირების ტენდენცია მარნეულში კოვიდპანდემიის შემდეგ შეიმჩნევა.
„მნიშვნელოვანია, რომ აქამდე ძირითადი აქცენტი მაინც კეთდებოდა ბათუმზე, და ზოგადად აჭარის რეგიონზე, შემდეგ ნელ-ნელა გააქტიურდა ქუთაისი. ახლა მარნეულის ჯერიც დადგა. ეს სექტორის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია“, - აღნიშნა უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ ნახევარში მთლიანად ქვემო ქართლის რეგიონში საცხოვრებელ შენობების მშენებლობის 358 ნებართვა გაიცა; 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 363; 2022 წლის 6 თვეში - 291; 2021 წლის 6 თვეში კი - 260. აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა მხოლოდ მარნეულს არ ეხება და მთლიანად ქვემო ქართლის რეგიონს მოიცავს. ამასთან, საცხოვრებელ შენობებში შედის მრავალფუნქციური დანიშნულების და ინდივიდუალური საცხოვრებელი შენობები.