თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის თქმით, იმ მარშრუტებზე, სადაც 18-მეტრიანი ავტობუსები დაინიშნა, მგზავრთნაკადი 30%-ით გაიზარდა. მისივე თქმით, ეტაპობრივად 18-მეტრიანი ავტობუსები ყველა უბანს ეყოლება, რაც თავის შედეგს გამოიღებს.
„მას შემდეგ, რაც 18-მეტრიანი ავტობუსებმა მუშაობა დაიწყო, აღნიშნულ მარშრუტებზე მგზავრთნაკადი 30%-ით გაიზარდა. ბუნებრივია, ეს მოაკლდა ავტომობილებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიღებს შედეგს.
ყველა უბანს ეყოლება 18-მეტრიანი ავტობუსი. ახლა სამი ახალი მარშრუტი დაემატა - 301, 308, 314“, - განაცხადა წილოსანმა.
შეგახსენებთ, თბილისის მერიის მიერ შეძენილი MAN-ის ფირმის 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსიდან 50 ერთეული დედაქალაქში 2024 წლის დასაწყისში ჩამოვიდა და სატესტო რეჟიმში N302 ხაზზეც ამოქმედდა. ავტობუსებზე ბიუჯეტიდან 259 მილიონი ლარი დაიხარჯა.
თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მთავრობა დამატებით 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეიძენს.