მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარტიდან Phubber-თან დავიწყებთ თანამშრომლობას - ქალის თეთრეულის ბრენდი "არშია"

6409d64e69e7b
ნანუკა ნარიმანიძე
10.03.23 09:00
932
ქალის თეთრეულის ბრენდი „არშია“ მარტის შუა რიცხვებიდან Phubber-თან დაიწყებს თანამშრომლობას - ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა სალომე თუშიშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„ამ თვის შუა რიცხვებში Phubber-თან დავიწყებთ თანამშრომლობას, გარდა ამისა, ჩვენს გეგმებშია ახალი, მასშტაბური პროექტების განხორციელება, რა თქმა უნდა, ახალი კოლექციით. გვინდა გავფართოვდეთ, დაინტერესებულები ვართ ქართულ კომპანიებთან და მაღაზიებთან თანამშრომლობით”, - დასძინა მან.

ამასთან, სამომავლო გეგმებზე საუბრისას, სალომე თუშიშვილი ამბობს, რომ ბრენდი ექსპორტზე გასასვლელადაც ემზადება და ბაზრის მოკვლევა აქტიურად მიმდინარეობს. დამფუძნებელი კონკრეტული ქვეყნების დასახელებისგან თავს იკავებს, მაგრამ, მომხმარებელს ჰპირდება, რომ ძალიან მალე “არშიას” მსოფლიო მასშტაბითაც ვიხილავთ.

გარდა ამისა, დამფუძნებელი გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიას 9 თვის გამავლობაში მუშაობის შეწყვეტა მოუწია. „იყო ბევრი გამოწვევა, რის გამოც მუშაობის შეჩერება მოგვიწია. მათ შორისაა, გამოუცდელობა და სასამართლო დავა “აჭარა ჯგუფთან”, რომელიც ახლა მიმდინარეობს, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, სასამართლოს დასრულების შემდეგ ამ თემაზე ღიად აუცილებლად ვისაუბრებ“, - განმარტავს ის.

„არშია“ 2021 წელს შეიქმნა და ის მომხმარებელს მაღალი ხარისხის ქალის თეთრეულს სთავაზობს, ბრენდის პროდუქტში მეტალის დეტალები, რომელიც საფრთხეს უქმნის ქალის ჯანმრთელობას, მთიანად ამოღებულია. „არშია ორიენტირებულია არა მხოლოდ ელეგანტური და დახვეწილი თეთრეულის შექმნაზე, არამედ ჯანმრთელობის ყველა ნორმის დაცვაზე“, - ამბობს სალომე თუშიშვილი.

ასევე აღსანიშნია VIP სერვისი, რომელსაც ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს: „ჩვენ გვაქვს VIP სერვისი, მომხმარებლისგან სოციალურ ქსელში მოგვდის შეტყობინება, მივდივართ ყველა ჩვენი მაქმანით ქალბატონთან და ვუღებთ ინდივიდუალურ ზომას, 3 დღეში კი იქმნება მისთვის თეთრეული, რომელსაც ანალოგი არ აქვს“, - განმარტავს დამფუძნებელი.

ცნობისთვის, „არშიას“ პროდუქციის შეძენა მაღაზია „Buyers“-ში, „Commode Official“-სა და მათ ონლაინ პლატფორმაზეა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები