მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტის ბოლოდან ქვეყანაში წამლის ხარისხის ლაბორატორია ამოქმედდება - ის NCDC-ის ყოფილ შენობაში განთავსდება

63f46e542e322
ელენე გოგბერაშვილი
21.02.23 19:00
1270
მარტის ბოლოდან ქვეყანაში წამლის ხარისხის პირველი ლაბორატორია გაიხსნება, სადაც მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი განხორციელდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ BM.GE-სთან განაცხადა, წამლის ხარისხის პირველი ლაბორატორია თბილისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილ შენობაში განთავსდება.

„წამლის ხარისხის ლაბორატორია პირველად გაეშვება ქვეყანაში. ვფიქრობ, ის მარტის თვეში ამოქმედდება ასათიანის ქუჩაზე იმ შენობაში, სადაც წარსულში იყო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მოხდა მისი აღჭურვა და გარემონტება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე ადგილზე გვექნება წამლების ხარისხის შემოწმების შესაძლებლობა. აქამდე შერჩევითად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტები იგზავნებოდა გერმანიაში ან სხვა ქვეყნებში შერჩევითი კონტროლისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ გვქონოდა ხარისხის კონტროლის შესაძლებლობა სახელმწიფოს მხრიდან.

ახლა უკვე ქვეყანაში ამის მოქმედება გააუმჯობესებს, მასშტაბსაც გაზრდის და გაამარტივებს იმის შესაძლებლობას, რომ ადგილზე მოხდეს წამლის ხარისხის კონტროლი, რაც გარანტიაა იმისა, რომ ხარისხის მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ფარმაცევტული სისტემა.

ვფიქრობთ, მარტის ბოლოდან უკვე დაიწყებს ოპერირებას ლაბორატორია. ახლა მიმდინარეობს პერსონალის შერჩევა. ბიუჯეტურად დაზუსტდება საკითხები მას შემდეგ, რაც შემუშავდება სრული მენიუ იმისთვის, რომ დაწესებულებამ დაიწყოს ფუნქციონირება. რეაქტივები იქნება შესასყიდი, მთელი რიგი ტექნიკური დეტალებია გასათვალისწინებელი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა წინასწარი შეფასებით, ის ინვესტიცია, რაც ამ ლაბორატორიაშია ჩადებული, თავის თავს გაამართლებს როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები