TBC Capital-ის პროგნოზით, მარტისთვის ფასების წლიური ზრდა 4%-ს დაუახლოვდება, ხოლო შემდგომ თანდათან შენელებას განაგრძობს.
დღეს, 11 თებერვალს, გამართულ მონეტარული კომიტეტის სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა.
საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში წერია, რომ იანვარში ფასები წლიურად 4.8%-ით გაიზარდა, რაც დეკემბრის 4%-იან მაჩვენებელზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის პროგნოზი 2026 წლის პირველ ორ თვეში ინფლაციის აჩქარება იყო, იანვრის ინფლაცია მცირედით, თუმცა მაინც TBC Capital-ის 4.5%-იან საბაზო სცენარზე მაღალია.
აღსანიშნავია, რომ სეზონურად შესწორებულ თვიურ ჭრილში ინფლაცია საკმაოდ აჩქარდა. აგრეთვე, მართალია ფასების ზრდა დიდწილად სურსათის ქვეჯგუფში იყო კონცენტრირებული, თუმცა აღმავალი დინამიკა სამომხმარებლო კალათის არა ცალკეულ პროდუქტებში, არამედ შედარებით ფართო ასორტიმენტში დაფიქსირდა.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ ინფლაციის პროგნოზის ზრდის მიმართულებით გადახედვაა საჭირო, შესაძლოა, თუმცა მხოლოდ მცირედით: იმპორტული ინფლაცია სუსტი რჩება, შრომის ბაზრიდან ზეწოლა არ იკვეთება, მომსახურების ინფლაცია კი - რომელიც გრძელვადიან ტენდენციებს ყველაზე ზუსტად ასახავს - თვიურ ჭრილში მცირედი ზრდის მიუხედავად მაღალი არაა.
TBC Capital-ის პროგნოზით, მარტისთვის ფასების წლიური ზრდა 4%-ს დაუახლოვდება, ხოლო შემდგომ თანდათან შენელებას განაგრძობს. ინფლაციის პროგნოზის კუთხით ასევე საყურადღებოა გაზაფხულიდან, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდა და, მეორე მხრივ, სურსათის ფასების შესაძლო კორექტირება, რასაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება და კონკრეტული ინფორმაციის არარსებობის გამო, მოცემულ პროგნოზში გათვალისწინებული ჯერჯერობით არ არის.
მაღალი ინფლაცია, თავისთავად უფრო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას მოიაზრებს. თუმცა ერთი მხრივ, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებისთვის არა მიმდინარე ინფლაცია, არამედ მისი პროგნოზია მნიშვნელოვანი. შესაბამისად, რადგან საბაზო სცენარი კვლავ ინფლაციის შენელებაა, სახეზეა რეფინანსირების განაკვეთის შემცირების წინაპირობაც.
მეორე მხრივ, მიმდინარე ინფლაციის მნიშვნელოვანი მერყეობა მოლოდინებზე ახდენს გავლენას, რაც, შესაძლოა, პროგნოზს გადაეცეს. გასათვალისწინებელია იანვარში ფასების ზრდის ტემპის აჩქარებაც. საბოლოო ჯამში, მონეტარული პოლიტიკის შერბილების დაწყების თარიღზე გადაწყვეტილება სებ-ის მიერ ერთჯერადი ფაქტორების გავლენის შეფასებაზეა დამოკიდებული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა დღეს, 11 იანვარს გაიმართება. საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, განაკვეთი წლის ბოლომდე 7.5%-მდე შემცირდება.
"რაც შეეხება ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზს, გამოვყოფთ ორ ფაქტორს. პირველ რიგში, ვინაიდან ინფლაციის მიმდინარე დინამიკა იმპორტული პროდუქციის გაძვირებით არ არის განპირობებული, ლარის გამყარება ფასებზე ზეწოლის შემცირების კუთხით ნაკლებად რელევანტურია. თუმცა, ამავდროულად, ლარი ზედმეტად გაუფასურებული რჩება, გაცვლით კურსსა და ინფლაციას შორის მჭიდრო კავშირი კი ცალსახაა. გასათვალისწინებელია ადგილობრივ საქონელსა და მომსახურებაში იმპორტული შუალედური პროდუქციის ფაქტორიც, ისევე როგორც იმპორტის კომპონენტი შერეული პროდუქციის ინფლაციაში. შესაბამისად, გარკვეულწილად მაგრამ მაინც, ეს მიმდინარე პერიოდში ლარის უფრო მეტად გამყარების არგუმენტია, განსაკუთრებით სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბის ფონზე.
ამასთან, აუცილებლად ცალკე გამოსაყოფია სავალუტო კონვერტაციები - სიმარტივისთვის, დეპოზიტების ლარიზაცია - რომლებიც 2025 წელს ლარის მხარდამჭერი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი იყო. მოლოდინების შესაბამისად, 2026 წელს კონვერტაციების ეფექტი უკვე თითქმის ამოწურულია. ყოველდღიურ ინდიკატორებზე დაყრდნობით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია მცირედით შემცირდა. ამავდროულად, ინტერვენციები, რომლებიც ლარიზაციასთან მჭიდრო კავშირშია, ჩვენი შეფასებით, ასევე შენელდა და იანვარში, დაახლოებით, 80 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა, თებერვლის პირველი კვირის მონაცემებით, კვლავ გააქტიურებულია.
საერთო ჯამში, საბაზო სცენარში 2026 წელს ლარის მცირედი გაუფასურება არა მხოლოდ სავალუტო კონვერტაციების ეფექტის მილევას უკავშირდება, არამედ 2025 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული საგარეო ბალანსის გარკვეულ გაუარესებასა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გაზრდილ ალბათობასაც. აღნიშნულ ფაქტორებს გარკვეულწილად აბალანსებს სებ-ის გაზრდილი სავალუტო რეზერვები. მთლიანმა რეზერვებმა იანვრის ბოლოს 6.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო წმინდა რეზერვებმა (სსფ-ის ნასესხობის სპეციალური უფლების გარეშე) – 3.5 მილიარდ აშშ დოლარს", - წერია მიმოხილვაში.




























