მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მარტო სამცხე-ჯავახეთში დღეისთვის გადაიარაღდა და გაფართოვდა 52 საწარმო, ამოქმედდა 7 ახალი საწარმო"

57a8183fdc747
BM.GE
08.08.16 09:26
1288
“მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ჩვენ დავიწყეთ სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა, რომელიც 27-მილიონიან ინვესტიციას ითვალისწინებს და რომელიც საგრძნობ შედეგებს გამოიღებს მთლიანად რეგიონისთვის და აქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ახალციხეში პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მხარდამჭერებთან შეხვედრისას. გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთს სატრანზიტო თვალსაზრისით დიდი პერსპექტივა აქვს. მისი განმარტებით, დღეს რეგიონში ხორციელდება უმსხვილესი პროექტები, რომლებიც გულისხმობს ბევრ სასიკეთო ცვლილებას: თანამედროვე ინფრასტრუქტურას, რეგიონის განვითარებას, ადგილობრივ მკვიდრთა დასაქმებას, მოსახლეობის ცხოვრების დონის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.

"საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა შესაძლებლობას გვაძლევს აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიული ფუნქცია და კვლავ შევასრულოთ დამაკავშირებლის როლი ევროპასა და აზიას შორის. უძველესი დროიდან ჩვენი ქვეყანა ამ ორი სამყაროს გზაჯვარედინი და აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი იყო. დღეს, 21-ე საუკუნეში, ახალი აბრეშუმის გზა ისევ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ განვავითაროთ ეკონომიკა, ვაჭრობა, დავამყაროთ ახალი კავშირები, კულტურული ურთიერთობები და უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი. ამ მხრივ, სამცხე-ჯავახეთს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. მის პოტენციალს ისიც აძლიერებს, რომ სამცხე-ჯავახეთი სასაზღვრო რეგიონია და სწორედ ეს მდებარეობა გვაძლევს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების განხორციელების საშუალებას. დღეს რეგიონში ხორციელდება უმსხვილესი პროექტი - ეს არის ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა. ამ უმნიშვნელოვანესი მაგისტრალით სამცხე-ჯავახეთი ერთგვარად იბრუნებს თავის ისტორიულ სატრანზიტო ფუნქციას. გარდა ამისა, ახალქალაქში შენდება საერთაშორისო სადგური. ამ მასშტაბის პროექტები თავისთავად გულისხმობს ბევრ სასიკეთო ცვლილებას. ეს არის მოწესრიგებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რასაც აუცილებლად მოჰყვება რეგიონის განვითარება, ადგილობრივ მკვიდრთა დასაქმება და, შესაბამისად, მოსახლეობის ცხოვრების დონის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. საქართველო - თურქეთის საზღვარზე ამოქმედებული კარწახის საბაჟო გამშვები პუნქტი და თანმდევი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია არა მარტო იმით, რომ სამგზავრო და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებს საქართველო-სომხეთის მიმართულებით, არამედ იმითაც, რომ ეს არის თანამედროვე და კომფორტული ინფრასტრუქტურა, დამატებითი სამუშაო ადგილები და დამატებითი შემოსავლის წყარო ჩვენი ხალხისთვის," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

სიტყვით გამოსვლისას, გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და წარმოების აღორძინების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.

“მარტო სამცხე-ჯავახეთში დღეისთვის გადაიარაღდა და გაფართოვდა 52 საწარმო, ამოქმედდა 7 ახალი საწარმო. ჩვენ ძირითადად დავაფინანსეთ რძის გადამამუშავებელი, მესაქონლეობის, სასათბურე და შესანახი მეურნეობები. დღეს უკვე ზოგიერთი ეს საწარმო იმდენად მაღალი ხარისხის პროდუქციას უშვებს, რომ მათი ნაწარმი არა მარტო ჩვენში, არამედ უცხოეთშიც გადის და ღირსეულ კონკურენციას უწევს იქაურ პროდუქციას.

სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი - წარმოების ხელშეწყობა, ბიზნესისთვის პირობების შექმნა, მეტი სამუშაო ადგილი და მეტი შემოსავალი ჩვენი ხალხისთვის. პირველ რიგში, ჩვენ გვინდა, რომ ადამიანები თავისი ცხოვრებით იყვნენ კმაყოფილნი, თავიანთი ოჯახის წინსვლით იყვნენ ბედნიერები," - განაცხადა პრემიერმა.
მან სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: გიორგი კოპაძე, ენზელ მკოიანი, გედევან ფოფხაძე წარუდგინა და საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები