მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარტში ბინები ყველაზე მეტად ვაკეში გაძვირდა, ყველაზე ბევრი ბინა კი დიდ დიღომში გაიყიდა - "თიბისი კაპიტალი"

ვაკე

მიმდინარე წლის მარტში თბილისში ბინები ყველაზე მეტად ვაკეში გაძვირდა. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” მიერ მომზადებულ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაშია აღნიშნული.

კერძოდ, მიმოხილვის მიხედვით, გასულ თვეს ვაკეში უძრავი ქონება 14%-ით გაძვირდა წინა წლის მარტთან შედარებით და საშუალო ფასმა 2276 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბინები ვაკეში ყველაზე ძვირი ღირს. მას მოსდევს მთაწმინდა 2171 აშშ დოლარით კვ.მ-ზე.

აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის მიმოხილვის თანახმად, ბინები მარტში მხოლოდ კრწანისის რაიონში გაიაფდა (2%-ით).

რაც შეეხება გაყიდულ რაოდენობებს, მარტში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში გაიყიდა - 859, მას მოჰყვება საბურთალო - 830 ბინით, რაც 66%-იან ზრდაზე მიუთითებს წინა წლის მარტთან შედარებით.

“თიბისი კაპიტალი” თავის მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 4031 შეადგინა, რაც წლიურად 32%-იან ზრდას წარმოადგენს. ამავე პერიოდში გასაყიდი ფასი წლიურად 4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1341 აშშ დოლარი შეადგინა. ბაზრის მოცულობამ კი 352 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 33%-იანი ზრდაა.

რაც შეეხება გასაქირავებელ ფასს, მაჩვენებელი კვ.მ-ზე 10.1$-ზეა, რაც წლიურად 5%-იან შემცირებას წარმოადგენს.

ამასთან, “თიბისი კაპიტალის” მიმოხილვის მიხედვით, მარტში ახალი ბინების გაყიდვებმა 564 ტრანზაქცია შეადგინა, რაც წლიურად 3%-იანი კლებაა. ძველი ბინების შემთხვევაში კი, 3 467 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2025 წლის მარტის მაჩვენებელს 40%-ით აღემატება. ახალი ბინების წილი ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობაში 14% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები