საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მემორანდუმს, რომლის მიზანსაც ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის სექტორში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება წარმოადგენს, ხელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქურბონ ჰაკიმზოდამ მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: მარცვლეულის წარმოება, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, მცენარეთა დაცვა დაავადებებისა და მავნებლებისგან, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, პროფესიული განვითარება, სოფლის მეურნეობის სფეროში სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარება, ასევე ინფორმაციის გაცვლა და მონაწილეობა კონფერენციებში, სემინარებსა და გამოფენებში.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობას. ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას.
ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებიან.


























